Search
Or
ქართული ღვინო

  საქართველოს ტერიტორიაზე ვაზი ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან  ველური სახით ხარობს.  საქართველოში აღწერილია კულტურული ვაზის 500-ზე მეტი ქართული ჯიში, რომელთაგან 430–მდე ჯიში დაცულია სახელმწიფო და კერძო საკოლექციო ვენახებში.

 მევენახეობა-მეღვინეობასთან  საქართველოს თითქმის 8000-წლიან მჭიდრო  კავშირს სხვადასხვა დროს გაკეთებული არქეოლოგიური აღმოჩნები ადასტურებს.  მაგალითად, მარნეულის ველზე აღმოჩენილი ყურძნის წიპწები  ძვ.წ. მე-6 ათასწლეულით თარიღდება.   მეცნიერებმა კულტურული ვაზისა და ღვინის კვალს სხვა უძველეს ნამოსახლარებშიც  მიაკვლიეს. შულავერთან აღმოჩენილი  უძველესი ქვევრის  მსგავსი ჭურჭელი, რომელიც ნეოლითის ხანას მიეკუთვნება, მოწმობს, რომ ეს დარგი აქ უკვე დიდი ხნის წინ იყო განვითარებული.  

  ღვინოს საქართველოს ტერიტორიაზე წარმართული პერიოდიდან მოყოლებული  სარიტუალო დატვირთვა ჰქონდა. უძველეს ქართველებს სწამდათ, რომ მევენახეობას მოსავლიანობის ღვთაება - აგუნა - მფარველობდა. აგუნას საკულტო რიტუალებს თეატრალიზებული ფორმა ჰქონდა.  ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად ღვინო კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რადგან  ზიარების რიტუალი ღვინის გარეშე არ ტარდებოდა. ამას  დაემატა ქართული ქრისტიანობის სიმბოლო - ვაზის ჯვარი.  მონასტრებს თავისი მარნები ქონდათ, სადაც ტრადიციული მეთოდით აყენებდნენ ღვინოს. 

ქართული მეღვინეობისთვის მნიშვნელოვანი პერიოდი იყო XIX საუკუნე, როდესაც  ალექსანდრე ჭავჭავაძემ პირველად დააყენა ქართული ღვინო ევროპულად და პოპულარიზაცია გაუწია ევროპაში.  მისი დამსახურებაა აგრეთვე რამდენიმე ადგილწარმოშობის ღვინის წინა პლანზე წამოწევა, როგორიცაა „წინანდალი“ , „მუკუზანი“, „ნაფარეული“ და „თელიანი“. ამავე ეპოქას მიეკუთვნება გერმანელი ღვინის სპეციალისტის, ლენცის მოღვაწეობაც სოფელ რუისპირში. ქართული ვაზის მეცნიერული შესწავლა XIX საუკუნის შუა ხნიდან დაიწყო, ამავე პერიოდიდან უკვე  ევროპაში გადიოდა  ივანე მუხრან-ბატონის  მიერ წარმოებული ქართული ღვინო. XX  საუკუნის დასაწყისში  ქართულ მეღვინეობას უკვე მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა  ევროპაში გამართულ ღვინის გამოფენებზე. დღეს ქართული ღვინო აღიარების ახალ მწვერვალებს იპყრობს. განსაკუთრებული ინტერესია ქვევრში დაყენებული ღვინის მიმართ. აღსანიშნავია, რომ ქვევრში ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.