Search
ან
რესტო გიდი - ლიმონარიუმი

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩის ხმაურიდან რესტორან „ლიმონარიუმში“ შესულს მოულოდნელად მშვიდი, მყუდრო, გრილი, მწვანე ეზო და ულამაზეს ხეივანსა და ლიმონის ხეებში ჩაფლული სახლი დაგხვდებათ. ფოტოების გადაღების მოყვარულთა გასახარად, ინტერიერშიც და ექსტერიერშიც ბევრი სარკე და ლამაზი სასურათე ადგილებია. „ლიმონარიუმი“ სტუმრებს სთავაზობს გათანამედროვებულ, საინტერესოდ გადაწყვეტილ ქართულ სამზარეულოს, მაღალი ხარისხის პროდუქტებით მომზადებულ კერძებს, მრავალფეროვან ბარს საავტორო სასმელებით. „ლიმონარიუმი“ ახალგაზრდა წყვილის საოჯახო ბიზნესია.

„ამ სახლში, ბავშვობიდან მოყოლებული, ნახევარი ცხოვრება მაქვს გატარებული. აქ დიდი, ხმაურიანი, სტუმრიანი ოჯახი ბედნიერად ცხოვრობდა მრავალი წლის განმავლობაში. შემდეგ საცხოვრებელი ადგილი შევიცვალეთ. როდესაც „ლიმონარიუმის“ აქ გახსნის იდეა გაგვიჩნდა, სწორედ ამის აღდგენა ვცადე - მინდოდა, თითოეულ სტუმარს დიდ, გულუხვ, სტუმრიან ოჯახში ეგრძნო თავი, ისეთ ადგილას, სადაც განებივრებენ, თავზე ხელს გისვამენ და ხარობენ შენი სიხარულითა და სიამოვნებით. ვფიქრობ, გამოგვივიდა. ჩვენი სტუმრებიდან რამდენიმემ ზღურბლს გადმობიჯებისთანავე აღნიშნა, ასე მგონია, ბავშვობაში დავბრუნდიო და ჩვენი მიზანიც სწორედ ეს იყო - თბილი და ცოტა ნოსტალგიური ადგილის შექმნა, გემრიელი კერძებითა და მაქსიმალური კომფორტით.“ - ამბობს ირაკლი ბაკურიძე.

წიგნებით დაინტერესებულთათვის „ლიმონარიუმში“ კარგი ამბავი აქვთ - ეზოში შესვლისთანავე ბათუმში ყველასათვის საყვარელი მაღაზიის, „წიგნები ბათუმშის“ აბრა მოგხვდებათ თვალში. რამდენიმე თვის წინ ირაკლი ბაკურიძისა და მარი კორინთელის მაღაზიის დახურვამ უამრავ წიგნის მოყვარულს დასწყვიტა გული, ახლა კი „წიგნები ბათუმში“ „ლიმონარიუმში“ დაბინავდა და აქ ელის ერთგულ მკითხველს.

„ის, რამაც ჩვენს წიგნების მაღაზიას სახელი გაუთქვა, იყო თავაზიანი, კომპეტენტური და გულთბილი დახვედრა, რაც არავის ტოვებდა გულგრილს და კვლავ და კვლავ უჩენდა სტუმრებს დაბრუნების სურვილს. ჩვენი ყველაზე დიდი სურვილია, ეს გამოცდილება, ეს სულისკვეთება „ლიმონარიუმშიც“ გადმოვიტანოთ. გუნდის თითოეული წევრი ძალიან ბევრს ვშრომობთ იმისთვის, რომ როგორც „წიგნები ბათუმშია“ ხარისხის სიმბოლო, ასევე იყოს „ლიმონარიუმიც“ და თანაბრად სრულყოფილი გვქონდეს როგორც კერძები, ბარი და დესერტები, ასევე მომსახურებაც.“ - მარიამ კორინთელი