კერკეტი კაკალი
სიმაღლის შიში არასდროს მქონია. ამიტომ, ბავშვობაში დიდ დროს ვატარებდი ჩემი კორპუსის ეზოში მსხმოიარე ერთადერთ კაკლის ხეზე. ალბათ, იცით რა ემართებათ ღორმუცელა კაკლისმჭამელ ბავშვებს - კბილები და ხელები უშავდებათ და მერე დიდხანს ნანობენ ამის გამო. ასეთივე კაკლისმჭამელი იყო ბოტანიკოსი უოლტერ ჰილი. ოღონდ, ჩემგან განსხვავებით ასაკოვანს ავსტრალიის წვიმის ტყეებში ხეებზე ძრომიალი ერთხელაც არ უნანია. ასე აღმოაჩინა ერთმა ბოტანიკოსმა იმ დროისთვის უცნობი ნაყოფი, რომელიც დღეს დელიკატესია.
მას შემდეგ, ას ორმოცდაათი წელი გავიდა. წარმოვიდგენ, როგორ დასეირნობს ჰოლი წვიმის ტყეებში. მუჭა დარჩეული კაკლებით აქვს სავსე და თითო-თითოდ ახრამუნებს. ალბათ მაშინ ვერც იფიქრებდა, რომ ხელის გულით მთელი ორმოცი დოლარი დაჰქონდა. ფასი უსამართლო იქნებოდა, რომ არა მაკამადიას თვისებები - „განუმეორებელი გემო, სასიამოვნო ხრაშუნი, კრემისფერი ბზინვარება და იშვიათი მოსავლიანობა, რაც 7-10 წელიწადში ერთხელ ხდება“.
ყველა ღირსებასთან ერთად, ავსტრალიური კერკეტი კაკალი სასარგებლოც არის. 72%-ზე მეტ მონოჯოურ ცხიმს შეიცავს, ანუ ყველა ის ტკბილეული, რომელიც მისგან მზადდება და ასე უყვართ თქვენს შვილებს, გემრიელთან ერთად, სასარგებლოცაა. თუ 40 დოლარს ერთხელ მაინც გაიმეტებთ, იმედგაცრუებული არ დარჩებით, მისგან დამზადებულ შოკოლადის ფილებს, კანფეტებს, ნაყინსა და ნამცხვრებს ხომ ის გემო აქვს, რომელიც ჯერ არ გაგისინჯავთ.
ბერძნული გემო
საქართველოში, სადაც თვიური საარსებო მინიმუმი, მიახლოებით, 150 ლარია, ალბათ, ერთეულები თუ მოიხმარენ ბერძნული კორონეიკის ჯიშის ზეითუნის ზეთს. მატერიალური კეთიდღეობით, არც ამ ზეთის სამშობლოში დაიკვეხნიან. ალბათ, ამის ბრალია რომ 500 მილილიტრიანი ზეითუნის ზეთის ფასი 130 ლარამდე გაიზარდა. როგორც ამბობენ, უცნაური გემო აქვს. სხვა მცენარეული ზეთებისგან ხილისა და პილპილის კომბინირებული არომატით გამოირჩევა.
ძვირფასი სუნელი
ხარჩო სხვა ქართულ კერძებს რომ არ ჰგავს ზაფრანას სუნელის დამსახურებაა.
მედიცინაში,ლანდშაფტის დიზაინში,კულინარიასა და ხელოვნებაში ერთნაირად ღირებული ეს მცენარე ჩვენთან ნაკლებად ფასობს, მსოფლიოში კი, ყველაზე ძვირადღირებული სანელებელია. ქართველმა დიასახლისებმა, ალბათ, არ კი იცით, რომ მუჭში მოქცეული დაფქული ზაფრანა, რომლის ჩაყრაც მოთუხთუხე ხარჩოს ქვაბში არასდროს გენანებათ, დასავლეთში 4 ფუნტი ღირს. შესაძლოა, ხარჩოზე სამუდამოდაც კი თქვათ უარი,როცა ერთი კილოგრამი ზაფრანას ფასს გაიგებთ. მსოფლიო ბაზარზე, ის, დღეს 800 ფუნტად იყიდება.
იასამნისფერი, ულამაზესი ყვავილისა და მისი წითელ-ყვითელი ბუტკოს კულტივაცია ჯერ კიდევ შუმერებმა დაიწყეს. მოგვიანებით, ეგვიპტელებმა ბუტკო გადაამუშავეს და სუნელი შექმნეს - ფარაონების სადილის უცვლელი დანამატი. ერთი კილოგრამი სანელებელი რომ მივიღოთ, 200 000 ყვავილია საჭირო, რომელიც აუცილებლად გამთენიისას, პირველი გაშლისთანავე უნდა დაიკრიფოს და ხელით დამუშავდეს. შეამცირეთ ზაფრანას მოხმარების დოზები და ამით პატივიეცით სხვების შრომას. ხარჩოც ზომიერად არომატული იქნება, ოჯახის წევრები კი უფრო კმაყოფილები ადგებიან სუფრიდან.