Search
ან
5 მცენარეული პროტეინი

დღეს 1 მილიარდზე მეტი ადამიანი ირჩევს ვეგეტარიანულ ან ვეგანურ კვებას და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
ვეგეტარიანული დიეტა გამორიცხავს ხორცპროდუქტების მოხმარებას, თუმცა დაშვებულია რძის ნაწარმი და კვერცხი. ვეგანიზმი ვეგეტარიანიზმის ერთგვარი ექსტრემალური ფორმაა, უფრო ცხოვრების წესია, ვიდრე დიეტა. ადამიანები, რომლებიც ირჩევენ ვეგანიზმს, უარს ამბობენ ყველა სახის ცხოველურ პროდუქტზე - საკვებზე (ხორცი, თევზეული, რძის პროდუქტები, კვერცხი, თაფლი) და ტანსაცმელზე (ტყავის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ქურქი და ა.შ.), ასევე ცხოველების ექსპლოატაციაზე მეცნიერებაში თუ გასართობ ინდუსტრიაში. ეს არის გარემოზე და საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვის ცნობიერი არჩევანი. 
კვლევები ადასტურებენ, რომ ვეგეტარიანული/ვეგანური დიეტა მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, ბოჭკოთი… თუმცა ბუნებრივად ჩნდება კითხვა, როგორ ჩავანაცვლოთ ცხოველური ცილები (ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები, კვერცხი), მცენარეული საკვებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიური სპორტული ცხოვრებით დაკავებული ადამიანისთვის. ცხოველური ცილების მცენარეულით ჩანაცვლება სრულად შესაძლებელია, გადახედეთ 5 პროდუქტს ცილების მაღალი შემცველობით.

ტოფუ მზადდება სოიოს რძის შედედებით, ტექნოლოგია ძალიან ჰგავს ყველის წარმოებას. ის შეიცავს ყველა საჭირო ამინომჟავას ადამიანის ორგანიზმისთვის. მდიდარია რკინით და კალციუმით, რაც ასე მნიშვნელოვანია ვეგანური დიეტისას. 100 გრამ ტოფუში 8 გრამი პროტეინია. მისი მომზადების უამრავი რეცეპტი არსებობს. Შესაძლებელია მისი შეწვა, გამოცხობა, დაბლენდერება და სხვა.

გოგრის თესლი მდიდარია მცენარეული პროტეინით, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ძალიან კალორიულია, 100 გრამი თესლი შეიცავს 500 კალორიას. 

ქინოა ვეგანურ კვებაში ერთ-ერთი შეუცვლელი პროდუქტია, გარდა იმისა, რომ მდიდარია მცენარეული პროტეინით, ის შეიცავს ბევრ საჭირო ნუტრიენტს ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. Მისი გამოყენება შესაძლებელია გარნირად, სალათის ინგრედიენტად, ან საუზმედ.  

მუხუდო მდიდარია პროტეინით და უჯრედისით, მისგან ამზადებენ ჰუმუსს ან იყენებენ სხვადასხვა სალათებში, კერძებში, როგორც დამატებით ინგრედიენტს. 100 გრამი მუხუდო შეიცავს 19 გრამ პროტეინს. ვეგანური კვებისას მნიშვნელოვანია პარკოსნების მიღება კვირაში მინიმუმ 2-ჯერ.

ლობიო ამინომჟავების მდიდარი წყაროა, შეიცავს ფოლიუმის მჟავას, ანტიოქსიდანტებს. Ბევრ კერძში შესაძლებელია ხორცის ჩანაცვლება ლობიოთი. ემატება სალათებს ან გამოიყენება გარნირად. ლობიოსგან მზადდება დესერტებიც. ვეგანური დიეტისას რეკომენდებულია ლობიოს მიღება ბურღულეულთან ერთად.
ვეგანურ ან ვეგეტარიანულ დიეტაზე გადასვლამდე, სასურველია გაიაროთ ექიმის/დიეტოლოგის კონსულტაცია.