Search
ან
სოიო

სოიო  პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელია. მისი სამშობლოა აღმოსავლეთ აზია. პირველი ქვეყანა, სადაც  სოიის მოშენება დაიწყეს, იყო ჩინეთი, შემდგომ ის კორეაში გავრცელდა. ძველი წელთაღრიცხვით 500-400 წლებში სოიის კულტივაცია დაიწყეს იაპონელებმა, ხოლო  1740 წლიდან ეს პროდუქტი უკვე გამოჩნდა ევროპაში, კერძოდ კი საფრანგეთში.

სოიო მდიდარია ცილებით, რასაც მის მთავარ ღირსებად მიიჩნევენ.  გარდა ამისა, ის შეიცავს ნახშირწყლებსა და ცხიმებს, რის გამოც  ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შემცვლელად გამოიყენება და დიდი პოპულარობით სარგებლობს ვეგეტარიანულ სამზარეულოში. სოიოს გადადამუშავების შემდეგ  რჩება დაწნეხილი მასა - კოპტონი, რომელიც  საუკეთესო საკვებია ცხოველებისათვის. 

სოიოს მარცვლებისაგან მზადდება ფერმენტირებული პასტა „მისო“ და გამოიყენება ასეთივე სახელწოდების წვნიანში. სოიის რძის ბაზაზე ამზადებენ კარაქს, სოუსებს, ტკბილეულს, სასმელებს და, რაც მთავარია,  ტოფუს, რომელსაც  „სოიის ყველსაც“ უწოდებენ. სოიას გააჩნია უნიკალური თვისება, მიიღოს ნებისმიერი არომატი ისე, რომ დაკარგოს საკუთარი გემო და სუნი. სწორედ ამ თვისების გამო მას ხორცის ნაცვლად იყენებენ პაშტეტებში, ძეხვეულში, რაგუსა და სხვა ხორციან კერძებში. სოიისაგან აწარმოებენ ოკარას - მოყვითალო ფერის ხაჭოსებურ მასას, რომელიც  დამბალი მარცვლების მოხარშვის და დაფქვა-დაქუცმაცების შედეგად მიიღება. ოკარას  არ გააჩნია გემო, სუნი, რის გამოც ადვილად შესაძლებელია მისით ხორციანი კერძების სამარხვო ან ვეგეტარიანული ვარიანტის მომზადება. კერძოდ,  ოკარასაგან ამზადებენ კატლეტებს, გუფთას, გულსართს ღვეზლებისთვის და სხვ. ყველასთვის ცნობილია სოიის სოუსი, რომელიც აზიური პროდუქტია და ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა პროდუქტის დასამარინადებლად თუ კერძის მოსამზადებლად.

 სოიო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გენმოდიფიცირებული პროდუქტია, ამიტომ მისი შეძენისას ყურადღება უნდა მივაქციოთ ეტიკეტს და მასზე დატანილ ინფორმაციას.