Search
ან
როგორ შევარჩიოთ კვერცხი

კვერცხი ერთ-ერთი  ყველაზე პოპულარული  და ხელმისაწვდომი პროდუქტია. ის ფართოდ გამოიყენება კულინარიასა და კოსმეტიკაში. კვერცხისგან მზადდება ყველაზე მარტივი და გავრცელებული კერძები, მაგ: ომლეტი,  ყიყლიყო და ა.შ. ეს პროდუქტი ასევე გამოიყენება წვნიანებში, საკონდიტრო ნაწარმში, სოუსებში და სხვა. მაგალითად, კვერცხი ერთ-ერთი ცნობილი სოუსის - მაიონეზის -  მთავარი ინგრედიენტია.  კვერცხისგან მზადდება ასევე პოპულარული ალკოჰოლური სასმელი - ლიქიორი  ეგნოგი.

ყველაზე გავრცელებულია ქათმის კვერცხი, თუმცა გამოიყენება აგრეთვე ბატის, მწყრის, იხვის , სირაქლემას და ა.შ. კვერცხი.  მწყრის კვერცხი ყველაზე პატარა, თუმცა ყველაზე სასარგებლოა, ის ბევრად მეტ ფოსფორს, რკინასა და კალიუმს შეიცავს, ვიდრე ქათმის კვერცხი. სირაქლემას კვერცხი  გიგანტურია - ის ერთ კილოგრამზე მეტს იწონის. სირაქლემას კვერცხისგან გაკეთებული ომლეტით დაახლოებით  ათი ადამიანის დანაყრებაა შესაძლებელი.

კვერცხის შენახვის ვადად 25 დღე ითვლება. ახალ, დიეტურ კვერცხს უწოდებენ  7 დღემდე ვადის კვერცხს. მიჩნეულია, რომ ყველაზე გემრიელი და სასარგებლო  3-4 დღის კვერცხია.  როგორ გავარჩიოთ ახალი კვერცხი ძველისგან? ამის გასარკვევად რამდენიმე მეთოდი არსებობს. ახალ კვერცხს სქელი, თითქოს ხორკლებიანი ნაჭუჭი აქვს. თუ ახალ კვერცხს სინათლეზე გავხედავთ, დავინახავთ კვერცხის გულს. სწორედ ამ პრინციპით  მუშაობს დანადგარი ოვოსკოპი, რომლითაც კვერცხის ვარგისიანობას ადგენენ. თუ წყალში ჩადებული კვერცხი ჩაიძირა, ესე იგი, ის ახალია, ხოლო თუ ამოტივტივდა - ძველი. კვერცხი ხელით შეანჯღრიეთ, თუ გრძნობთ, რომ გული მოძრაობს, უმჯობესია, ასეთი კვერცხი არ გამოიყენოთ. მაგრად მოხარშული ახალი კვერცხი უფრო ცუდად იფცქვნება, ვიდრე ძველი. ახალი კვერცხი შედარებით უფრო მძიმეა, ვიდრე ძველი. კვერცხი დავდოთ მაგიდაზე და დავაბზრიალოთ. ახალი კვერცხი, ძველისგან განსხვავებით, არ დაბზრიალდება.

 

თეგები