აჭარა ადგილობრივი კერძების მრავალფეროვნებით ღირსეულ ადგილს იკავებს ქართულ კულინარიაში. მისი თავისებურებების ძირითადი განმსაზღვრელი მაღალმთიანი ცხოვრების წესია.
აჭარულ სამზარეულოში თანაბარი რაოდენობით შეხვდებით რძის პროდუქტს, ბოსტნეულსა და ხორცს.
აჭარული კერძების სავიზიტო ბარათი, რა თქმა უნდა, აჭარული ხაჭაპურია. ლეგენდის თანახმად, ზღვისპირას მცხოვრებ ლაზებს ცომისთვის ნავის ფორმა მიუციათ, კვერცხის გული კი ზღვაში ჩამავალ მზეს განასახიერებდა. მზისა და ზღვის კავშირი არასდროს ყოფილა ასეთი გემრიელი.
აჭარაში ყველის მრავალი სახეობა არსებობს. ყველაზე გავრცელებულ მათ შორის მაღალმთიან რეგიონში დამზადებული დაწნული ყველია. განსხვავებული ტექნოლოგიით დაბადებული ყველის დაგემოვნება დაუვიწყარი გამოცდილება იქნება ყველა გურმანისთვის.
ერბოთი და ყველით დამზადებული ბორანო აჭარული სამზარეულოს კიდევ ერთი სიამაყეა. მისი ყველაზე პოპულარული ვერსია სიმინდის ფქვილითა და კვერცხით მზადდება.
აჩმა ქართველების ერთ-ერთი საყვარელი კერძია, თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ მისი დაბადების ადგილი აჭარის მაღალი მთებია. აჩმის ჰაეროვნების საიდუმლო მრავალი ერთეული მოხარშული ცომის ფირფიტაშია. ფენებს შორის ჩამდნარი ყველი და კარაქი კი გასტრონომიული სიამოვნების მწვერვალი.
ბაქლავა ერთ-ერთი ყველაზე რთულად მოსამზადებელი აჭარული დესერტია. ლანგარზე 60-ზე მეტი თხელი ცომის ფენა ეწყობა ერთმანეთზე წვრილად დაფქული ნიგვზისა და თხილის თანხლებით. მისი ცხობის პროცესი მომზადებაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. დესერტის ტრიუმფატორი ინგრედიენტი სიროფია, რომელიც უხვად ესხმება რომბისებურად დაჭრილ ტკბილეულს. სწორედ სიროფია ბახლავას განუმეორებელი გემოს განმსაზრვრელი.