ფრანგული სამზარეულო ყველაზე დახვეწილ სამზარეულოდ არის აღიარებული. ის, პირობითად, სამ მიმართულებად იყოფა: რეგიონული, საყოველთაო და ე.წ. haute cuisine ანუ მაღალი სამზარეულო, რომელიც საფრანგეთის სამეფო კარზე წარმოიშვა და განვითარდა. დროთა განმავლობაში გასტრონომია მეცნიერულ დარგად ჩამოყალიბდა. 1663 წელს მეფე ლუი XVI-ს ფინანსთა მინისტრმა - კოლბერმა - კულინართა გილდიის წესდება ჩამოყალიბა. ფრანგული კულინარიის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს მარი-ანტუან კარემმა (რომელსაც მეფეთა მზარეულს და მზარეულთა მეფეს უწოდებდნენ), იურისტმა და პოლიტიკოსმა სავარინმა, კულინარმა და კრიტიკოსმა ესკოფიემ და სხვ. XX საუკუნის 60-იანი წლებიდან საფუძველი ჩაეყარა ახალ მიმდინარეობას, რომელსაც nouvelle cuisine (ახალი სამზარეულო) ეწოდა. მისი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი გახლავთ ლეგენდარული შეფმზარეული პოლ ბოკიუზი.
ფრანგული სამზარეულო სოუსების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მათგან ყველაზე ცნობილი და ფართოდ გავრცელებული სოუსია მაიონეზი, რომელიც ერთ-ერთი ბრძოლის დროს, ალყაში მოქცეულმა ფრანგმა მზარეულმა პროდუქტების მწვავე დეფიციტის პირობებში შექმნა. ფრანგული სამზარეულო მდიდარია პროდუქტებით და მათი დამუშავების ტექნოლოგიით. აქტიურად გამოიყენება ისეთი დელიკატესები, როგორებიცაა ბაყაყის ბარკლები და ლოკოკინები. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგული კერძია ფუაგრა, რომელსაც სპეციალურად გამოკვებილი ბატის ღვიძლისგან ამზადებენ.
ყველი და ღვინო ფრანგული გასტრონომიული კულტურის ნამდვილი საგანძურია. ფრანგებს ყველის 400-ზე მეტი სახეობა აქვთ, მათი ღვინო და კონიაკი კი მსოფლიოში საუკეთესოდაა აღიარებული. ფრანგული სამზარეულოს უდიდეს გავლენაზე ისიც მეტყველებს, რომ მათი ტერმინები უკვე დიდი ხანია დამკვიდრდა კულინარიულ ლექსიკონში, მაგალითად: ომლეტი, სოუსი, სუფლე, რესტორანი, გურმანი, გარნირი, ფურშეტი, მუსი, კრეპი, რაგუ და სხვ.
აღსანიშნავია, რომ პირველი რესტორანი სწორედ საფრანგეთში, პარიზში გაიხსნა 1765 წელს. 1789 წლის რევოლუციის შემდეგ უსამსახუროდ დარჩენილმა არისტოკრატთა მზარეულებმა კვების ობიექტების გახსნა დაიწყეს, რამაც სარესტორნო კულტურის განვითარებასა და დახვეწას შეუწყო ხელი.