ისევე როგორც კინოს, კულინარიასაც ჰყავს ვარსკვლავები, მათ კიდევ კრიტიკოსები. საუკუნეზე მეტია, ძმები მიშლენების კულინარიულ რეიტინგში მოხვედრა შეფ მზარეულებისა და რესტორნების მეპატრონეებისთვის, ოსკარზე წარდგენილი მსახიობის სიხარულს უტოლდება. მიშლენების ყველაზე პრესტიჟული ჯილდო სამი ვარსკვლავია, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ 72 რესტორანს აქვს. მიშლენის კულინარიული რეიტინგის კრიტიკოსები საიდუმლო აგენტებივით მუშაობენ. მათი ვინაობა არავინ იცის. ისინი ყველგან არიან და ყველაფერს ამჩნევენ - ინტერიერს, კომფორტს, სერვისის ხარისხს, კერძის გემოსა და შეფერილობას. საქართველოში მათი ვიზიტის შესახებ არავის სმენია. ალბათ, ჩვენი უჟმური მიმტანებისგან დაშინებულებს, ჭამის მადა გაუქრათ და მათგან თავის შორს დაჭერა ამჯობინეს. კერძის გემოზე მნიშვნელოვანი ხომ განწყობაა, რომელიც მის დაგემოვნებამდე უნდა შეგექმნას.
1. პარიზში, სასტუმრო ბრისტოლის რესტორანში, მომხმარებლების განწყობაზე ზრუნვა უყვართ. მდიდრული გარემოს, ვიქტორიანული ინტერიერის, სხეულზე მორგებული, კომფორტული ავეჯისა და მუდამ მომღიმარი ოფიციანტების გამო ეს რესტორანი სამი ვარსკვალვით დაჯილდოვდა.
2. ალან დიუკასის ისტორია სამაგალითოა. ნიჭიერმა კულინარმა იმდენი ქნა, რომ თავისი რესტორანი „დორჩესტერი“ დაარსებიდან 33 თვეში გახდა სამი ვარსკვლავის მფლობელი.
კულინარიაზე წერა განსაკუთრებულად უყვართ ბრიტანეთში. ამის მიზეზი, შესაძლოა ისიც იყოს,რომ ინგლისელების სამზარეულო არც მაინცდამაინც ორიგინალურია და არც, მრავალფეროვანი. ველინგტონი, პუდინგი და რაღა თქმა უნდა ჩაი - აი, რაზე წერენ ყველაზე ხშირად Restaurant Magazine- ში, ბრიტანულ კულინარიულ გამოცემაში, რომელიც ყოველწლიურად 50 საუკეთესო რესტორანს აჯილდოებს.
3. The world’s best 50 restaurants - ის პრემია წელს ესპანეთში ჩაიტანეს. რესტორანი El Celler de Can Roca ქალაქ ჟირინოში მდებარეობს და ღია ტერასათი, თბილი განათებით, სურნელოვანი მცენარეებით, ცხარე კერძებით ესპანეთში მოგზაურობის ხასიათზე მოჰყავხარ. ოლე!
4.მეორე ადგილზეა იტალია, ქალაქი მოდენა, რესტორანი Osteria Francescan. ამ რესტორნის მთავარი ღირსები მისი შეფმზარეულია - მასიმო ბოტურა, საუკეთესო რეპუტაციისა და უბრალოდ, „კაი ჭამის მოყვარული კაცი“. ამ ეპითეტს მაშინ მიმიხვდებით, როცა მის კულინარიულ წიგნს წაიკითხავთ სახელწოდებით „ არასდროს ენდო გამხდარ იტალიელ შეფმზარეულს“.
5. კოპენჰაგენელი რესტორატორის ვარსკვლავი, წელს, შარშანდელივით მკაფიოდ ვეღარ ანათებს. ოთხგზის გამარჯვებული „NOMA” ჩამოაქვეითეს. რენე რედზეპის გუნდს კულინარიული ექსპერიმენტები დაუწუნეს. ემოციური კაცია მომას შეფმზარეული. ხოდა, გაიბუტა და დაკრა ფეხი ტოკიოში. მართალია, სკანდინავიელების გული ვერ მოიგო, სამაგიეროდ, ამომავალი მზის ქვეყანა მისი საფირმო გარეული იხვით მოხიბლა. რენესაც თავდაჯერებულობა მოემატა, სამშობლოში დაბრუნდა და მომავალი წლიდან, სეზონური პროდუქტებით ექსპერიმენტატორობას აპირებს.
6. “Central” პერუს ნაციონალური განძია. მისი მენიუ ამ ქვეყნის ლანდშაფტში გამოგზაურებთ, მაღალი მწვერვალებიდან ჯუნგლებსა და უდაბნოში, მიწის ზემოთ და წყალ ქვეშ.
7.“Eleven Madison Park” - სტანდარტული ნიუ ოირკული სახელწოდებაა არა? ასეც, არის. შენ, ამერიკაში მოხვდი Baby! ამ რესტორანს სლოგანიც ისეთივე აქვს, როგორიც უნდა ჰქონდეს - Putting the fun into fine dining. თუ ვივარაუდებთ,რომ რესტორნის წარმატების რეცეპტი გემრიელი კერძებისა და უმწიკლო მომსახურების კომბინაციაა, მაშინ ამ რესტორანს ჯეკპოტი ეკუთვნის. აქაური მზარეულები ამერიკული უშუალობით გამოირჩევიან, კედლის ორივე მხრიდან იყურებიან. მათი საქმიანობა, სამზარეულოსა და სასადილო ოთახს შორის მუდმივ დიალოგს წააგავს. ინტერაქციაზე დაფუძნებული კომუნიკაციის გამო, “Eleven Madison Park”- ის სერვისი უპრეცენდენტოა.
წარმოიდგინეთ, ჯდები თეთრ ოთახში, რომელსაც გგონია,რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი ჭერი აქვს. სადილობის მერე, საჩუქრად მოაქვთ დესერტი, კალამი და ფურცელი. შენი მისია მისთვის სახელის შერჩევაა. არ ვიტყოდი უარს რაიმე, შოკოლადიან საჩუქარზე. მნიომ, მნიომ...
8.შემდეგი ნომინანტია „Narisawa”. ეს რესტორანი, ისეთივე პოეტურია, როგორც თავად იაპონია. რას არ გასინჯავთ აქ - ბაირონს, დილენ ტომასს, ბაშოს... სწორად მიხვდით, შეფმზარეული გიჟდება პოეზიაზე. აქ, ყველგან პოეტური სული ტრიალებს, რომანტიულ ინტერიერშიც და ზღვის პროდუქტებისგან დამზადებულ კერძებშიც, რომლებიც პირში დნება.
“Elit Treveler” მსოფლიოში ცნობილი კულინარიული გამოცემაა, რომელმაც წელს მენიუს ფასებში ჩაიხედა. რედაქციის ექპერტებმა, ამ კრიტერიუმით მსოფლიოს ათი რესტორანი შეაფასეს. მათგან ყველაზე გამორჩეული, პირველი ორი ნომინანტია.
9. მონტეკარლოში კარგად ესმით სიტყვა ფუფუნების მნიშვნელობა. რესტორანი Le Louis XV ამის იდეალური მაგალითია. ბაროკოს სტილის ინტერიერი,საუკეთესო ხარისხის ტექსტილი, მსოფლიოში იშვიათი ღვინის კოლექცია, სამი ვარსკვლავი და მენიუ საშუალო ფასით - 280 ევრო.
10. ბრიტანული იუმორი ბევრს უყვარს, მე კი, განსაკუთრებით. ნამდვილი ინგლისელის გარდა ვის მოაფიქრდებოდა რესტორნისთვის დაერქმია „მსუქანი იხვი“. ამ რესტორანში, იუმორის გარდა, თანამედროვე ბრიტანული კერძებითაც გიმასპინძლდებიან. მენიუს საშუალო ფასი კი 290 ფუნტი სტერლინგია