Search
ან
ქოქოსის ნაყინი
60+ წუთი
ადვილი
მსუბუქი
0-200 კკალ

სალამი, მე ლიკა ვარ, 19 წლის. თავდაპირველად, როდესაც კერძების მზადება დავიწყე, ეს უფრო დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის გამოხატულება იყო, დროთა განმავლობაში კი ეს პროცესი ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. 10 წლის ასაკიდან ვამზადებდი კერძებს, დესერტებს და ვუზიარებდი ყველას, მათგან წამოსული დადებითი ემოციები კი ჩემი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო, რომელიც მაძლევდა მოტივაციას, უფრო მეტი მეკეთებინა. 14 წლის ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე, რომ ეს საქმე ჩემს პროფესიად უნდა მექცია. 17 წლის ასაკში ჩავაბარე კულინარიის აკადემიაში და დიდ, პროფესიონალურ სამზარეულოში მუშაობის პირველივე წუთებიდან დავრწმუნდი, რომ ვიყავი ზუსტად იმ ადგილას, სადაც ყველაზე დიდი ბედნიერების მიღებას შევძლებდი. სამომავლოდ ვფიქრობ საზღვარგარეთ წასვლას, ცოდნისა და პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. - ლიკა ესაიაშვილი
 

ინგრედიენტები
230 230 გრ. ნაღები
120 120 გრ. ქოქოსის რძე
70 70 გრ. შაქარი
3 3 ცალი დიდი კვერცხის გული
40 40 გრ. გახეხილი ცოცხალი ქოქოსი
საფეხური 1
კვერცხის გული გავთქვიფოთ კარგად, გათეთრებამდე. სასოუსე ქვაბში შევურიოთ ნაღები, ქოქოსის რძე და შაქარი. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. ცხელი რძიანი მასა ნელნელა დავასხათ კვერცხის გულს და მუდმივად ვურიოთ. კარგად გაერთიანების შემდეგ დავაბრუნოთ ქვაბში და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, გაუჩერებლად ვურიოთ მანამ, სანამ მასა არ შესქელდება. უნდა ჰქონდეს გლუვი და ერთგვაროვანი ტექსტურა. კოვზი დავასველოთ კრემით და თითის გასმით შევამოწმოთ მზაობა (კრემი ადგილზე უნდა დარჩეს).
საფეხური 2
მომზადებისთანავე კრემი გადმოვტანოთ ცივ ჯამში, კონტაქტურად დავაპლასტიკოთ და კარგად გავაცივოთ. ტაფა გავახუროთ, დავყაროთ გახეხილი ქოქოსი და 4-5 წუთის განმავლობაში მოვბრაწოთ. გაცივებული კრემის მასა გადავიტანოთ ნაყინის აპარატში, შევურიოთ გახეხილი ქოქოსი და დავიწყოთ გაყინვის პროცესი. მიღებული მასა მოვათავსოთ საყინულეში. (ნაყინის აპარატის არ ქონის შემთხვევაში, მასა გადაიტანეთ კონტეინერში და სრულად გაყინვამდე ურიეთ ყოველ 1 საათში).

სერვირება

გემრიელად მიირთვით!