Search
ან
ჭარხალი

ჭარხლის სასარგებლო თვისებებზე ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში წერდა ჰიპოკრატე - მაშინ ეს მცენარე მხოლოდ სამკურნალო მიზნით გამოიყენებოდა. ჭარხალი შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, ვაშლისა და ლიმონის მჟავას, რაც დადებითად მოქმედებს მომნელებელი სისტემის ფუნქცონირებაზე, ხოლო  რკინის შემცველობით ის მხოლოდ ნიორს თუ ჩამოუვარდება. გარდა ამისა, ჭარხალი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, რაც დაბერების პროცესს  ანელებს. ის აგრეთვე შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ჭარხლის ახალგამოწურული წვენი ხელს უშლის ავთვისებიანი უჯრედების განვითარებას. ეს პროდუქტი აუმჯობესებს გულისა და ტვინის მუშაობას, ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს წონაში დაკლებას. ჭარხლის წვენი სასურველია იმავე რაოდენობით სტაფილოს წვენით გააზავოთ და ისე მიირთვათ.

ჭარხალი სასარგებლოა როგორც უმი, ისე მოხარშული. ძირითადად გამოიყენება წვნიანებში, მის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია გემრიელი და კვასკვასა წითელი ბორშჩი. ჭარხალს აქტიურად იყენებენ სალათების მოსამზადებლადაც. მართალია, ის სალათის ყველა ინგრედიენტს ვარდისფრად ღებავს, მაგრამ თუ ერთ რჩევას გაითვალისწინებთ, სალათი ვარდისფერი აღარ გამოგივათ. კერძოდ, თუ მოხარშულ და გათლილ ჭარხალს დაჭრამდე ცოტაოდენ ზეთს წაუსვამთ, ის სალათას აღარ გააფერადებს. საქართველოში ჭარხალს კომბოსტოს მწნისლისთვის სასიამოვნო წითელი ფერის მისაცემადაც იყენებენ. ჭარხლისგან მზადდება ორიგინალური ქართული კერძი - ჭარხალი ტყემალში. ეს მარტივად მოსამზადებელი, გემრიელი, იაფი და, ამავე დროს, სასარგებლო კერძია. მოხარშულ, გაფცქვნილ ჭარხალს ფიგურული დანით დავჭრით და ტყემლის საწებელში ჩავაწყობთ, ესაა და ეს! ქართულ სამზარეულოში, გარდა ჭარხლის ბოლქვისა, მისი ფოთლებიც აქტიურად გამოიყენება. მაგალითად, უგემრიელესია ნიგვზითა და სანელებლებით შეზავებული ჭარხლის ფოთლების მხალი ან ჭახრაკინა - ჭარხლის გათუთქული ფოთლებისა და ყველის ნაზავის გულსართიანი ღვეზელი.