Search
ან
ძმარი

ძმარი ძალიან დიდი ისტორიის მქონე პროდუქტია და უამრავი ქვეყნის სამზარეულოში გამოიყენება როგორც სანელებელი. ძმარი ღვინის წარმოების პარალელურად წარმოიშვა, ოღონდ ღვინის ტექნოლოგიისგან განსხვავებით, მისი ტექნოლოგია ბევრჯერ შეიცვალა და განახლდა. ძმარი მხოლოდ ღვინისგან არ მზადდება, მას ბრინჯისგან, ხილისგან და კენკრისგანაც იღებენ.

    ძმარს იყენებენ როგორც კულინარიაში, ისე მედიცინაში. ძმრით აზავებენ კერძებს, სოუსებს, ამზადებენ მარინადებს, იყენებენ კონსერვირებისას.  სხვადასხვა არომატის მქონე ძმრის დამზადებაც შეიძლება - მაგალითად, თუ ძმრით სავსე ბოთლში ჩავდებთ ტარხუნის, ქონდრის ან რომელიმე სხვა სურნელოვანი მცენარის 2-3 ტოტს, რამდენიმე დღეში ძმარი უფრო გემრიელი გახდება. ასეთ ძმარს ძირითადად სალათების შესაზავებლად იყენებენ.

 საყოველთაოდაა ცნობილი ძმრის ბალზამი, ე.წ. ბალზამიკო, რომელიც იტალიაში, ემილია-რომანიას რეგიონში მზადდება და ერთ-ერთ უძვირფასეს პროდუქტს წარმოადგენს. ბალზამიკო გვიან დაკრეფილი, ტკბილი  ყურძნის წვენისგან მიიღება. ყურძენი  თეთრი უნდა იყოს - ტრებიანოს, სანჯოვეზეს ან ლამბრუსკოს ჯიშის. ბალზამიკოს საიდუმლო მის სხვადასხვა მერქნიგან დამზადებულ კასრებში დავარგებაში იმალება. ნამდვილ ბალზამიკოს მოტკბო-მომჟავო, სასიამოვნო გემო აქვს, მუქი ფერისაა, ბლანტი. ბალზამიკო მინიმუმ 12-წლიანი დაძველების უნდა იყოს, თუმცა არსებობს 100-წლიანი დაძველებისაც.

 რაც შეეხება ხილის ძმრებს, ცნობილია, რომ მათგან ყველაზე სასარგებლოა ვაშლის ძმარი, რომელსაც  უამრავ დადებით თვისებას მიაწერენ და სამკურნალო მიზნით იყენებენ. არანაკლებ სასარგებლოა კენკრისგან დამზადებული ძმარი. ამისთვის გამოიყენება შავი მოცხარი, ჟოლო, მაყვალი, ალუბალი, ქაცვი, მარწყვი და სხვ. კენკრის ძმრის მოსამზადებლად საჭიროა  სასურველი კენკრის წვენი ჩავასხათ მინის ქილაში, შიგ ჩავაგდოთ ჩვეულებრივ ძმარში დასველებული შავი პურის ნაჭერი, თავზე დოლბანდი გადავაკრათ და მზიან ადგილას დავდგათ. დაახლოებით ერთ თვეში ძმარი მზად იქნება.

 

 

თეგები