Search
ან
შაქარი

შაქარი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პროდუქტია. შაქარი დიდი მოთხოვნით სარგებლობს მიუხედავად იმისა, რომ მას ბიოლოგიურად არანაირი ღირებულება არ გააჩნია და მხოლოდ კალორიებს შეიცავს. ის ნახშირწყლებს მიეკუთვნება, ადვილად აითვისება ადამიანის ორგანიზმის მიერ, იშლება ფრუქტოზად და გლუკოზად და მოკლე ხანში ენერგიით ავსებს ადამიანს. შაქრის გარეშე წარმოუდგენელია საკონდიტრო წარმოება. მას ასევე აქტიურად იყენებენ საკონსერვო ინდუსტრიაშიც. შაქრის რამდენიმე სახეობა არსებობს: ფხვნილი, ნატეხი, რაფინირებული, პუდრი, თეთრი, ყავისფერი, ღია ყავისფერი და ა.შ.

ყავისფერი შაქარი მზადდება შაქრის ლერწმისგან (ლათ. Saccharum), რომელსაც ინდოეთში უძველესი დროიდან მოიხმარდენ და სწორედ აქედან მოდის მისი სახელწოდებაც. შაქრის ლერწმის დაწნეხვის შედეგად მიიღება ტკბილი წვენი, რომლის გადამუშავების შედეგადაც მიიღება შაქარი. ითვლება, რომ ლერწმის შაქარი ნაკლებად ვნებს ადამიანის ორგანიზმს და ყველაზე გემრიელია. ამჟამად მსოფლიო მასშტაბით წარმოებული შაქრის დაახლოებით 60% ლერწმისგან, 40% კი – შაქრის ჭარხლისგან მზადდება.

შაქარი, ლერწმის გარდა, შაქრის ჭარხლისგანაც მზადდება. ჭარხალში შაქრის მაღალი შემცველობა პირველად  ფრანგმა ბოტანიკოსმა, ოლივიე დე სერმა ჯერ კიდევ 1575 წელს აღმოაჩინა, თუმცა ჭარხლიდან შაქრის მიღების ტექნოლოგიის საიდუმლო მხოლოდ 1747 წელს მოხერხდა გერმანელი მეცნიერის - ანდრეს სიგიზმუნდ მარკგრაფის მიერ. 50 წლის შემდეგ ეს ტექნოლოგია სრულყო მისმა მოწაფემ, რომელმაც შაქრის  ჭარხალი ბერლინის შემოგარენში მოიყვანა და თავისი შედეგები პრუსიის მეფეს გააცნო. სწორედ გერმანიაში აშენდა შაქრის პირველი საწარმო.

განვითარებული ქვეყნის მოქალაქეები დღეში, საშუალოდ, 100-140 გ შაქარს მოიხმარენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, სასურველია ეს მაჩვენებელი 5%-მდე დავიყვანოთ, რადგან შაქრის დიდი რაოდენობით მიღება მავნებელია. ის იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს, იმუნური სისტემის დასუსტებას და ნივთიერებათა ცვლის დარღვევას.