Search
Or
შევარჩიოთ ქვაბი და ტაფა

დღეს ბაზარზე ქვაბებისა და ტაფების ისეთი ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი, რომ ხშირად გვიჭირს სწორი არჩევანის გაკეთება. კერძის სარგებლიანობა და გემო დამოკიდებულია არა მხოლოდ გამოყენებული პროდუქტის ხარისხზე, არამედ იმაზეც, თუ როგორ ჭურჭელს ვიყენებთ მის მოსამზადებლად. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, თუ რა მასალისგან არის დამზადებული  სამზარეულოს ჭურჭელი.

მომინანქრებული (ე.წ. ემალის) ქვაბი განკუთვნილია წვნიანების, კომპოტების, კისელის და ა.შ. მოსამზადებლად. არაა რეკომენდებული პროდუქტის მოსაშუშად, რადგან ადვილად იწვება და შეიძლება გაშავდეს ან მინანქარი ამოტყდეს.

ალუმინის ქვაბი მსუბუქი და გამძლეა. ის შესანიშნავია ფაფების, პასტის, წიწიბურას მოსახარშად, აგრეთვე წვნიანებისთვის. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ალუმინის ქვაბში საჭმლის დატოვება არ შეიძლება, ის მომზადებისთანავე უნდა გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში (მაგ. მომინანქრებულ ქვაბში). არ გირჩევთ ალუმინის ქვაბების შიგნიდან გახეხვა მეტალის სახეხით.

ყველაზე გამძლედ თუჯის ქვაბი ითვლება. მართალია, მძიმეა, მაგრამ სამაგიეროდ დიდხანს მოგემსახურებათ. თუჯის ქვაბი თანაბრად ცხელდება და დიდხანს ინარჩუნებს სიმხურვალეს. ასეთი ქვაბი შესანიშნავია ფლავის, მოშუშული კერძების, ხორციანი  და სქელი სუპების მოსამზადებლად. თუჯის ტაფა (რომელიც ალბათ ყველას ბებიას აქვს), კი იდეალურია ბლინების გამოსაცხობად და ბოსტნეულის მოსაშუშად.

უჟანგავი ფოლადის ქვაბები მსუბუქი და მოსახერხებელია. ადვილად ირეცხება და დიდხანს მოგემსახურებათ. ასეთ ქვაბებს ახლა უკვე ორმაგ ძირს უკეთებენ, რაც ხელს უწყობს მეტალის თანაბრად გაცხელებას.

 პოპულარულია ტეფლონის ფენით დაფარული ქვაბები და ტაფები. ტეფლონის ჭურჭლის შემთხვევაში მხოლოდ ხის ან პლასტიკატის ინსტრუმენტები უნდა გამოვიყენოთ, რადგან მეტალი დამცავ ფენას ფხაჭნის და აზიანებს, ასეთი ჭურჭლის გამოყენება კი არ შეიძლება.

საქართველოში ხშირად გამოიყენება თიხის ჭურჭელი, განსაკუთრებით კი ქოთანი და კეცი. ასეთ ჭურჭელში მომზადებული კერძები განსაკუთრებით გემრიელია.