თუკი განტვირთვის, დასვენების, ასევე გართობის შესაძლებლობას ეძებთ, სადაც გამორჩეული სამზარეულო და მომსახურება დაგხვდებათ — მაშინ, სწორ ადგილას მოხვდით, რადგან „თეატრი“ სწორედ ის მრავალფუნქციური სივრცეა, რომელიც ამ ყველაფერს აერთიანებს. შოუ, გასტრონომია და საუკეთესო მომსახურება - სხვა რა არის საჭირო იმისთვის, რომ ისიამოვნოთ და შინ დაუვიწყარი ემოციებითა და მოგონებებით დაბრუნდეთ.
წინა საუკუნის დასაწყისში აღზევებული და შემდეგ რაღაცნაირად დაკარგული, მიმართულება ერთი საუკუნის შემდეგ გაცოცხლდა - თბილისს ახალი თეატრი შეემატა - Dinner Theatre - ერთი დიდი მრავალფუნქციური პავილიონი, რომელიც მუდმივად ტრანსფორმირდება.
Dinner Theatre -ს უკან დგანან ადამიანები, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით, დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ რაღაც ისეთის შესაქმნელად, რაც ახალ მუხტს, ენერგიას შემატებდა ქართულ კულტურას და სრულიად განსხვავებულად წარმოაჩენდა ხელოვნების სხვადასხვა ჟანრებს რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით გამოუვიდათ - „თეატრი“ დიდი თავგადასავლების ეპიცენტრად გადაიქცა - ქორეოგრაფიამ ფრთები გაშალა, მუსიკალური ექსპერიმენტების კეთებაც დაიწყო.
დაიბადა ახალ-ახალი მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენები - ხან მივიწყებული ქართული ვოდევილები გაცოცხლდა, ხან კი მსოფლიო ჰიტებად ქცეულ მიუზიკლების გავლენით, ორიგინალური ქართული ვერსიები შეიქმნა „Nine“-ისა თუ „Mamma Mia“-ს მოტივებზე.
დაიწყო „თეატრის“ ისტორიის წერა. ეს სივრცე იქცა ქართველი და უცხოელი მაყურებლის საყვარელ ადგილად, სადაც იციან, რომ განიტვირთებიან, სანახაობით ისიამოვნებენ, გემრიელ კერძებს მიირთმევენ და საკუთარ მოგონებებს ერთ განსაკუთრებულ ბოჰემურ თავგადასავალსაც შემატებენ.
გაიცანით „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და წარმოდგენების დამდგმელი რეჟისორი ზაალ ჩიქობავა. მის ბიოგრაფიაში არაერთ საინტერესო შტრიხს იპოვით, რომლის გაგების შემდეგ არც კი გაიკვირვებთ, რამ მიიყვანა ის ამ განსხვავებული ესთეტიკისა და შინაარსის თეატრთან. ის მსახიობიცაა და რეჟისორიც, პროდიუსერიცა და მმართველიც, მოკლედ რომ ვთქვათ - ჯარისკაციცაა და გენერალიც. მეტიც, პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ ზაალი იყო და ორწლიანი ფიქრისა და განსჯის შედეგად „წისქვილი-ჯგუფის“ მესვეურების წყალობით მოახერხა კიდეც და შეკრიბა “ჯარი”, რომელსაც სათავეში, როგორც მთავარსარდალი, თავად ჩაუდგა.
„თეატრში“ გასტრონომიაც წარმოდგენაა. ახალგაზრდა და იმპროვიზაციის უნარით დაჯილდოებული ბრენდ-შეფის, ალექს ნათაძის თითოეული კერძი უბრალოდ მომზადებული საკვები არაა, ის შოუს კონცეფციას ეხმიანება და მისი ნაწილი ხდება. ამიტომაც, როცა პერფორმანსი იგეგმება, ბრენდ-შეფი და მზარეულთა დიდი გუნდიც იქვეა. ასე იქცევა თითოეული სტარტერი, მთავარი კერძი და დესერტი „თეატრის“ თითოეული ღონისძიების ხასიათის, სტილისა და ჟანრის ნაწილად.
ალექს ნათაძე არ მალავს, რომ „თეატრის“ სამზარეულო განსხვავდება „წისქვილის“ რესტორნების უმეტესად ქართული ტრადიციული კერძებისგან, თუმცა უცვლელი რჩება ხარისხი. ბრენდ-შეფმა თავის გუნდთან ერთად უკვე მოახერხა სტუმრების გაოცება. „თეატრის“ სამზარეულოზე ალაპარაკდნენ, კერძების ფოტოებით აჭრელდა სოციალური ქსელები. მიზანი მიღწეულია - გასტრონომია და წარმოდგენა თანხვედრაშია. კონცეპტუალური გასტრო-თეატრალური პრემიერა წარმატებით შედგა.
თეატრის მთელი გუნდი “ქართული შოუს“ პრემიერისთვის ემზადება
ქართული შოუ — ცეკვით, სიმღერითა და გასტრონომიით მოყოლილი საქართველოს ისტორია.
თუ ქართული ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა ან მისი საუკეთესო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნიმუშებით ტკბობა გსურთ, მაშინ ამის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა სულ მალე მოგეცემათ. მულტიფუნქციური სივრცე თეატრი სტუმრებს ახალ და უნიკალურ წარმოდგენას სთავაზობს. ქართული შოუ - ასე ჰქვია დადგმას, რომელიც წამყვანი არტისტებისა და სუხიშვილების მონაწილეობით, საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და კულტურას გააცოცხლებს.
შოუზე ცოცხლად გაჟღერდება შენ ხარ ვენახი, ჩაკრულო, მრავალჟამიერი, მუხამბაზი და სხვა ქართული ხალხური და კლასიკური სიმღერები. ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები კი, თეატრის სივრცეში სტუმრებს ქორეოგრაფიის საუკეთესო ნიმუშებს წარუდგენს. დადგმის პროცესში ჩაერთო მწერალი აკა მორჩილაძეც და ტექსტები ქართული შოუსთვის საგანგებოდ შექმნა. წარმოდგენა აუდიოვიზუალური ინსტალაციებით გაფორმდება, რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის სანახაობას.