Search
ან
ტარტი ტატენი

ლეგენდის თანახმად, ამ უცნაური ტარტის გამოგონება, რომელიც თავდაყირა ცხვება, შემთხვევითობას უკავშირდება. ტარტი ტატენი Მე-19-ე საუკუნეში საფრანგეთში, დები ტატენების რესტორნის სამზარეულოში შეიქმნა, ერთ-ერთ დას დავიწყებია ვაშლის ღვეზელში ცომის ჩაკვრა და მოგვიანებით, ცხობის პროცესში დაუმატებია. Მეორე ვერსიით ტარტი ღუმლიდან გამოღებისას ამოუტრიალდათ და მოუწიათ მისი თავდაყირა სერვირება. ეს მხოლოდ ლეგენდებია, სინამდვილეში კი ამობრუნებული ვაშლის ან მსხლის ნამცხვრების ცხობის ტრადიცია უფრო ადრეც არსებობდა სოლონის რეგიონში, პარიზიდან 200 კილომეტრში, რეცეპტი დედისგან ქალიშვილს ზეპირად გადაეცემოდა საუკუნეების მანძილზე. დები ტატენების სასტუმრო-რესტორნის წყალობით ნამცხვარმა სახელი მოიხვეჭა და დღემდე რჩება კონდიტერების შთაგონების წყაროდ. 

ყველაფერი გენიალური მარტივიაო ნამდვილად ტატენების ტარტზეა ნათქვამი. ძალიან ბანალური ინგრედიენტებით, რომელიც სახლში ყველას მოგვეპოვება, ვიღებთ საოცარ, განუმეორებელ გემოს, კარამელში ჩამდნარი ვაშლით და უხრაშუნესი ცომით.

ცომი (pâte sablée)

  • 100 გ კარაქი
  • Მრიკვი მარილი
  • 75 გ შაქრის პუდრი
  • 220 გ ფქვილი
  • 2 გ საცხობი პუდრი
  • 1 კვერცხი

კარამელი

  • 200 გ შაქარი
  • 100 გ კარაქი
  • 1, 2 კგ მჟავე სახეობის ვაშლი.

დაადნეთ კარაქი ორთქლის აბაზანაზე, დაუმატეთ მწიკვი მარილი, ოდნავ შეაგრილეთ და შეურიეთ შაქრის პუდრი, გადათქვიფეთ, დაუმატეთ ფქვილი+საცხობი პუდრი და მოურიეთ ხის კოვზით. დაუმატეთ 1 მსუბუქად ათქვეფილი კვერცხი, მასა გადმოიტანეთ სამუშაო მაგიდაზე და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი, შეფუთეთ სამზარეულოს პარკში და შეინახეთ მაცივარში 1 საათით. 
გააცხლეთ ღუმელი 160 გრადუსზე.
გამოსაცხობად დაგვჭირდება თუჯის ტაფა ან ქვაბი, რომელზეც ასევე ვამზადებთ მშრალ კარამელს. თუ არ გაქვთ თუჯის ტაფა, კარამელი მოამზადეთ ჩვეულებრივ ქვაბში, გადაასხით საცხობ ყალიბში (სასურველია გვერდები არ ეხსნებოდეს ან ამოაკარით ფოლგა) და იქ გააგრძელეთ ნამცხვრის აწყობა.
კარაქი დაჭერით კუბებად და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე. ტაფა გააცხელეთ, დაყარეთ შაქარი და დაელოდეთ დადნობას, არ მოურიოთ. Როდესაც შაქარი დადნება და დაიწყებს დუღილს ამოურიეთ ხის კოვზით, კარამელი მიიყვანეთ სასურველ ფერამდე და ჩაყარეთ კარაქის კუბები. გადმოდგით ცეცხლიდან და კარგად მოურიეთ სათქვეფით, რომ კარაქი გაიხსნას ბოლომდე. 
Შეარჩიეთ თანაბარი ზომის ვაშლები, ამოაცალეთ გული, გათალეთ და გაჭერით 4 ნაწილად. Მომრგვალებული მხრიდან დაალაგეთ კარამელზე, ეცადეთ არ დაგრჩეთ ცარიელი ადგილები, შესაძლებელია 2 ფენად დაწყობაც, თუ ქვაბი პატარაა. გამოაცხვეთ 40 წუთი. 
გამოიღეთ ცომი მაცივრიდან და ფქვილის დახმარებით გააბრტყელეთ იმ ტაფის ან ქვაბის ზომაზე, რომელშიც აცხობთ ტარტს. ცომი დაჩხვლიტეთ ჩანგლით, ღუმლიდან გამოიღეთ ტაფა ვაშლებით, დააფარეთ ცომი და ჩაუკეცეთ გვერდები. აუწიეთ ტემპერატურას 200 გრადუსამდე და გამოაცხვეთ 20-30 წუთი, ან ვიდრე ცომი არ შეწითლდება. 
გამომცხვარი ტარტი ცხელივე გადმოიტანეთ ლანგარზე ან თეფშზე - თეფში დაადეთ ტაფას, მჭიდროდ დაიჭირეთ ორივე მხრიდან და ამოატრილეთ. ტარტი ტატენი Მიირთვით თბილი, ათქვეფილ ნაღებთან ან ნაყინთან ერთად.

ნინო მეგრელიძე