ყოველთვის შეგიძლიათ რაღაც განსაკუთრებულის მომზადება, თუ მაცივარში პიცის ცომის გუნდა გეგულებათ.
ფოკაჩა იტალიური პურის ნაირსახეობაა, რომელსაც აპეტაიზერად ან სენდვიჩებისთვის იყენებენ, ხშირად როზმარინით და ნივრით აცხობენ. ბოლო დროს, სოციალურ ქსელებში პოპულარული ფოკაჩა არტის მიმდევრები, პეიზაჟებს და ნატურმორტებსაც კი გამოსახავენ ცომზე სხვადასხვა ბოსტნეულით.
პიცა ტრადიციულად მრგვალი ფორმის ცხვება. სულ პირველი ვერსია - ნეაპოლური პიცა, მხოლოდ ცომის, პომიდვრის, ყველის და ბაზილიკისგან იყო მომზადებული, რა თქმა უნდა ზეითუნის ზეთი, მის გარეშე პიცის ცომთან ვერაფერს გახდებით. პიცა მაღალ ტემპერატურაზე ცხვება, სახლის ღუმელში 220 გრადუსზე ვაცხობთ. მოცარელა ყოველთვის შეგიძლიათ წარმატებით ჩაანაცვლოთ სულგუნით, ხოლო ბაზილიკი - რეჰანით.
კალცონე - დახურული პიცა, წარმოშობით ნეაპოლიდანაა, ის პიცის ინგრედიენტებით მზადდება, იმ განსხვავებით, რომ კალცონეში კიდევ უფრო მეტი ყველი და ბოსტნეულია, ხშირად ამატებენ ისპანახს, რიკოტას, პეკორინოს, პარმეზანს.
რიკოტას კარგი ალტერნატივა ქართული ნადუღია.
პანცეროტი - ძალიან ჰგავს კალცონეს, მხოლოდ ერთი განსხვავებით - ის ტაფაზე იწვება და არა ღუმელში.
სტრომბოლი - მართალია ამერიკული კერძია, თუმცა იტალიელების დამკვიდრებული და ტიპური იტალიური პროდუქტებით. მოცარელა, სალიამი, პომიდვრის სოუსი გადახვეულია რულეტად პიცის ცომში. გამოცხობის შემდეგ იჭრება 1-2 სმ ნაჭრებად და ძალიან გემრიელია.
პიცის ცომისთვის დაგჭირდებათ:
მშრალი ინგრედიენტები აურიეთ ჯამში, ზეთი ჩაასხით თბილ წყალში. ფქვილში გააკეთეთ ღრმული და ჩაასხით ზეთიანი წყალი, დაიწყეთ ცომის მოზელა, ხელით ან რობოტ მიქსერით (კაუჭა თავი).
ცომი უნდა გახდეს პრიალა და ხელზე აღარ გეკრობოდეთ. წაუსვით ცოტა ზეთი, ჩადეთ მოზრდილ ჯამში, შეფუთეთ გრინით და დადგით თბილ ადგილას 1-2 საათით, ეს იმ შემთხვევაში თუ მალევე გინდათ ცომის გამოყენება.
თუმცა იდეალური პირობები პიცის ცომისთვის მაცივარში ნელი ფერმენტაციაა - მოზელვის შემდეგ 15 წუთი ოთახის ტემპერატურაზე და შემდეგ მთელი ღამით მაცივარში. Მომზადებამდე 2 საათით ადრე გამოიღეთ ცომი და შეათბეთ ოთახის ტემპერატურამდე. ეცადეთ მომზადებიდან 24 საათის განმავლობაში გამოიყენოთ ან თავიდანვე გაამზადეთ გასაყინად - პორციულად შეფუთეთ საცხობ ქაღალდში და მოათავსეთ საყინულეში 5-6 დღით.
ამ რაოდენობის ცომით 4 საშუალო პიცა ან 2 ფოკაჩა გამოგივათ.