მომენტს, როდესაც ეს ცხელი და არომატული კერძი სუფრას უახლოვდება, ყველა გარშემომყოფი მოუთმენლად ელოდება, თუ რა თქმა უნდა, ყველა სუფრის წევრი ხორცის მოყვარულია.
სამწვადის არჩევისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ქვემოთ აღწერილი გარემოება:
- არ არის საჭირო იმის შეხსენება, რომ ხორცი უნდა იყოს ახალი. გარდა ამისა, არ იყიდოთ გაყინული ხორცი, რადგან კერძი არც ისეთი გემრიელი და წვნიანი გამოვა, როგორიც უნდა იყოს. როგორ გავიგოთ, რომ ახალ პროდუქტს ვყიდულობთ? კარგ, ახალ ხორცს კაშკაშა წითელი ფერი აქვს, წვენი გამჭვირვალეა, სუნი - სასიამოვნო. დააჭირეთ ხორცის ნაჭერს თითი - თუ ხორცი ახალია, ჩაზნექილი ადგილი მალე გასწორდება.
- არჩევანი შეაჩერეთ ახალგაზრდა ცხოველის ხორცზე, რადგან ცხოველი, რაც უფრო ასაკოვანია, მით უფრო მჭიდრო კუნთოვანი ქსოვილები აქვს, ესე იგი ხორციც მაგარია, შედეგად მწვადიც მაგარი და მშრალი იქნება. შეხედეთ ხორცის ნაჭერს, თუ ხორცი ახალგაზრდაა, უფრო ღია, თანაბარი ფერი და კრიალა ზედაპირი აქვს, ცხიმი არ არის შეყვითლებული.
- თუ რომელი ხორცის სახეობის არჩევა არის სასურველი - ეს მხოლოდ გემოვნების საკითხია. ყველა გამოცდილ ოსტატს თავისი უპირატესობა გააჩნია, თუმცა უმეტესობა მაინც კლასიკურ ვარიანტს - ღორის ხორცს ირჩევს. ხორცის არჩევისას დააკვირდით, რომ ნაკლები ცხიმი ჰქონდეს, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს კისრის ხორცი, მკერდის ხორცი, ბარკალი, ან სუკები.
- საქონლის ხორცი სამწვადედ ცოტა მშრალია, ამიტომ თუ მაინც და მაინც მის აღებას გადაწყვეტთ, აირჩიეთ ხბოს ხორცი, ფილე ან მკერდის ხორცი - ეს ნაწილები უფრო წვნიანია.
- სამწვადედ ფრინველის ხორცს ნაკლებად ანიჭებენ უპირატესობას. თუმცა ქათმის ხორცი, არა მარტო ფასით არის კარგი, ღორის, საქონლისა და ცხვრის ხორცთან შედარებით ცხიმიანობაც დაბალი აქვს და დიეტურ კერძად ითვლება.
- თუ თქვენ მიღებული კალორიების დათვლას ხართ მიჩვეული, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ცხოველის ხორცის სხვადასხვა ნაწილი არა მარტო გემოთი განსხვავდება, არამედ კალორიულობით და ცხიმიანობით.