დადგა შემოდგომა და სეზონური პროდუქტების დახლები უფრო გაივსო და გამრავლფეროვნდა. ხილ-ბოსტნეულმა კარგად გამოიზაფხულა, უყურა თბილ (და ზოგჯერ ცხელ) მზეს, ნიადაგისგან აიღო გემო და სასარგებლო თვისებები. ყურძნისა და ვაშლის გარდა, რომელიც საქართველოში უხვად არის, გვინდა მოგითხროთ ორ ძალიან გემრიელ პროდუქტზე:
გოგრა
გოგრა უცნაური მცენარეა. ხან კონკიას ეტლად გადაიქცევა, ხან ჰელოუნის დღესასწაულის სიმბოლო „ჯეკი ფარანი“ ხდება და ხან კიდევ, სუპი, ნამცხვარი ან კოქტეილის ინგრედიენტი.
ერთი შეხედვით, კულინარიაში გამოუსადეგარი მცენარე - მრავალფუქციური აღმოჩნდა. უამრავი კერძი, ტკბილეული, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელი არსებობს, რომელიც გოგრისგან მზადდება. ამას გარდა, მედიცინასა და კულინარიაში აქტიურად გამოიყენება მისი თესლებიც. თქვენ წარმოიდგინეთ, გოგრისგან ნაყინსაც კი ამზადებენ.
ყაბაყი
ყაბაყი ხმელთაშუაზღვისპირეთის სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია, თუმცა, მის სამშობლოდ ამერიკა ითვლება. იგი მე-16-ე საუკუნიდან გვხვდება ევროპაში და თავდაპირველად ბოტანიკურ ბაღებში იზრდებოდა, როგორც სხვა ეგზოტიკური მცენარე. კულინარიაში ყაბაყს ბოსტნეულის სახით იყენებენ, თუმცა ბოტანიკური თვალსაზრისით იგი ხილია. აღსანიშნავია ისიც, რომ ყაბაყის ზომამ შესაძლოა 1 მეტრსაც კი მიაღწიოს. მიუხედავად ამისა, პროდუქტი სწორად მომწიფების პერიოდში გამოირჩევა ყველაზე სასარგებლო თვისებებით.
ახალგაზრდა ყაბაყი შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, B/C ჯგუფის ვიტამინებს, მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს, ასკორბინის მჟავას, რკინას და ა.შ. 100 გრამი ყაბაყი შეიცავს სულ რაღაც 20 კალორიას. მას ხშირად იყენებენ წონაში დაკლების მსურველები. სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე ყაბაყი შეუცვლელია ბავშვთა კვებაშიც. გარდა ამისა, ყაბაყი ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი სითხის განდევნაში, რაც მნიშვნელოვანია სხვადასხვა დაავადებების დროს.