ხინკალი ერთადერთი მრავალნაოჭიანი კერძი არაა სამყაროში. მას ანალოგებიც ჰყავს. ამიტომ, ხინკლის წარმომავლობაზე ბევრს დაობენ.
არსებობს მოსაზრება, რომ ცომში ჩახარშული სხვადასხვა შიგთავსისგან კერძი, პირველად, მონღოლებმა მოამზადეს. ხინკლის წინაპარს ბუუზას უწოდებენ.
ბუუზა ცომისა და ხახვგარეული ფარშისგან მზადდება. დამპყრობელ მონღოლურ არმიასთან ერთად, ამ კერძის რეცეპტმა სხვადასხვა კონტინენტზე მოგზაურობა დაიწყო. წლების განმავლობაში სახე იცვალა. ინგრედიენტები იმ ქვეყნის კლიმატისა და ფლორის მიხედვით შეიცვალა, რომელშიც მოხვდა.
ხინკალი, ქართული სიტყვა არ არის. მისი ფუძე ავარიული ენიდანაა ნასესხები, როგორც ჩანს, ფშავში ხინკლის კულტურა, სწორედ, მაღალმთიანი დაღესტანიდან შემოვიდა.
„პოდგოკილიო“ მარიული ნაციონალური კერძია. რუსული „კვერის“ მსგავსად, ნახევარმთვარის ფორმაა აქვს. ანალოგიური კერძები აქვთ ფინურსა და უნგრულ კულინარიაშიც. მაგალითად, ესტონური „კარტულიპორსი“ ძირითადად, დაკეპილი ღორის ან კურდღლის ხორცისგან მზადდება. უდმურტიული ხინკლის მსგავს კერძს „პელნიანს“ ეძახიან. ხორბლის ფქვილის ცომს, აქ, ხორცის გარდა, კარტოფილისა და ხაჭოს შიგთავსითაც ავსებენ.
პელნიანის მონათესავე კერძია პელმენი. მის სამშობლოდ ციმბირი ითვლება.
ჩვენს მეზობლ, რუსეთსა და უკრაინაში ის ერთ-ერთი ნაციონალური საკვებია.
პელმენს ჩინეთში ორეული ჰყავს. ციაოზი- ჩინური პელმენის სახელწოდებაა და ღორის ხორცის, მწვანილებისა და კომბოსტოს მიქსია. სხვადასხვა ფორმა აქვს. მას, ნივრით გაზავებულ სოიოს სოუსთან ერთად მიირთმევენ.
ცომში გახვეულ ცხვრის ფარშს, ხახვსა და წვრილად დაჭრილ გოგრას ცხვრის დუმის ცხიმში ხარშავენ. ხინკლის ამ ვარიაციას მანტუ ჰქვია და შუა აზიური ნაციონალური კერძია. მანტუს თათრეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, თურქეთსა და კორეაშიც მიირთმევენ. მათი რეცეპტი ტრადიციულისგან განსხვავდება. ამ ქვეყნებში, სტაფილოშია არეული თხის, ცხენის, აქლემის ან ფრინველის ხორცი, სუფრასთან კი ბოსტნეულის გარნირთან ერთად მიაქვთ.