გოზინაყი საახალწლო დესერტია. მისი მომზადება სხვა დროსაც შეგიძლიათ, მაგრამ ისეთი გემო არასდროს აქვს, როგორც 31 დეკემბერს. კახური წარმომავლობის ტკბილეულს ყველა თავისებურად აკეთებს. არსებობს ტრადიციული რეცეპტიც, რომელსაც დღეს გადავუხვევთ. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ექსპერიმენტს, რომელიც თქვენს საახალწლო სუფრას ერთი-ორად გაამხიარულებს. გაფრთხილებთ, თქვენს ნახელავზე ბევრს იჭორავებენ, დედამთილი სავარაუდოდ დაიწუნებს, მეგობრები შეგაქებენ, მეზობლები რეცეპტს გამოგართმევენ... მოკლედ, კარგად მოემზადეთ განსაკუთრებული ახალი წლისთვის.
პირველ რიგში ინგრედიენტები მოიძიეთ. გირჩევთ, ყველაფერი წინასწარ შეიძინოთ, წინასაახალწლო ცეცხლის ფასებს მხოლოდ ასე გადაურჩებით. ნიგვზის გარდა, მზესუმზირა, მუსკატის მარცვლები, ნუში და თხილი დაგჭირდებათ. წარმოიდგინეთ, რა გემრიელი "აჯაბსანდალი" გამოგივათ.
ნუშის მარცვლების მოხალვას ყველა სხვა ინგრედიენტთან შედარებით, დიდი დრო სჭირდება.ამიტომ ღუმელში პირველად ნუშის დარჩეული მარცვლები მოათავსეთ. ტემპერატურა აკონტროლეთ. პროცედურის დასრულების შემდეგ, მოხალულ მარცვლებს კანი გააცალეთ. ამის მერე, იგივე გაიმეორეთ ყველა დანარჩენი ინგრედიენტის შემთხვევაში.
პარალელურად, სქელძირიან ტაფაზე მოხარშეთ თაფლი. თაფლს რამდენიმე ჩაის კოვზ შაქარს უმატებენ იმისთვის, რომ შეწოვის უნარი დაკარგოს და გოზინაყი ტკაცუნა გამოვიდეს. ეს გემოვნების ამბავია. მოდუღებას რომ მორჩებით, ყველა სახეობის ნიგვზეული თაფლიან ტაფაში გადაუშვით და ისევ წამოადუღეთ.
ყველაზე უინტერესო პროცედურა ტაფიდან ამოღებული მასის სველ დაფაზე გაბრტყელება და მისი ოთხკუთხედებად დაჭრაა. თუმცა, წუწუნი არ ღირს, რადგან შედეგი შეუფასებელია.