Search
ან
პიტნა

პიტნა სურნელოვანი, მრავალწლოვანი  მცენარეა. ის ფართოდაა გავრცელებული და მისი მრავალი ჯიში არსებობს. პიტნა უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ფარმაკოლოგიასა და კულინარიაში. პიტნის ფოთლები და ყვავილედი შეიცავს ფიტონციდებს, კაროტინს,  A, C და B 3  ვიტამინებს, ასევე ეთეროვან ზეთს, რომლის ძირითადი კომპონენტი მენთოლია. მენთოლს ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება აქვს, პიტნის ზეთს კოსმეტიკასა და პარფიუმერიაში გამოიყენებენ. პიტნა შესანიშნავი სანელებელია,  გამოიყენება როგორც ნედლი, ისე ხმელი. ყვავილობს ივლის-აგვისტოში, გასაშრობად აგროვებენ ყვავილობამდე ან ყვავილობის პერიოდში. პიტნას, ისევე როგორც სხვა მცენარეებს, ჩრდილში ახმობენ. გახმობის შემდეგ ეს მცენარე სავსებით ინარჩუნებს სასიამოვნო არომატს. პიტნას უმატებენ კერძებს, დესერტებს, სოუსებს და ა.შ. ის განსაკუთრებით უხდება ჩაშუშულ ხის სოკოს, მაწვნის სუპს, ხორციან კერძებს. მისგან ამზადებენ ჩაის, რომელსაც დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. პიტნის ჩაი ასევე დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის მუშაობაზე, ასტიმულირებს გულის მუშაობას, აღადგენს ენერგიას, ამაღლებს განწყობას, ხსნის სპაზმს, შველის მეტეორიზმსა და დიარეას. პიტნის ჩაის მომზადება მარტივია - მდუღარე წყალში ჩაყარეთ რამდენიმე ღერია პიტნა და 10-15 წუთი გააჩერეთ. ჩაი შეგიძლიათ შაქრით ან თაფლით დაატკბოთ, ასევე ძალიან უხდება ლიმონი. ასეთივე ნაყენი, ოღონდ კარგად გაცივებული, შესანიშნავი გამაგრილებელი სასმელია ცხელი ზაფხულის დღეებში. პიტნის ფოთლები შეგიძლიათ ჩვეულებრივ შავ ჩაისაც დაუმატოთ ამით უფრო არომატული გახადოთ ის. მიუხედავად იმისა, რომ პიტნის ჩაი სასიამოვნო და სასარგებლო სასმელია, თუ დაბალწნევიანი ხართ, მის ხშირ მიღებას არ გირჩევთ.  ასევე არაა რეკომენდებული მისი მიცემა სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და მეძუძურებისთვის. პიტნის ნაყენისა და ჩაის ზომაზე მეტად მიღებას არ ურჩევენ მამაკაცებს, რადგან ის ლიბიდოს აქვეითებს.