Search
ან
პომიდორი

  პომიდორი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ბოსტნეულია. მისი სახელწოდება იტალიური pomo d’oro-ისგან  წარმოდგება, რაც ,,ოქროს ვაშლს“ ნიშნავს, ხოლო ინგლისური სახელწოდება - tomato - აცტეკური tomatl-იდან მომდინარეობს. პომიდვრის სამშობლოა მთიანი პერუ და ეკვადორი. ამერიკის კონტინენტის აღმოჩენის შემდეგ ეს მცენარე ევროპაში, კერძოდ კი ესპანეთსა და პორტუგალიაში აღმოჩნდა და თავდაპირველად დეკორატიული მიზნებით გამოიყენებოდა. საინტერესოა, რომ ბოტანიკური თვალსაზრისით პამიდორი კენკროვან ხილს მიეკუთვნება. დღესდღეობით პომიდვრის 7 5000-მდე ჯიში არსებობს, რომელიც ერთმანეთისგან ფერით, ფორმით, ტექსტურითა და გემოვნური  თვისებებით განსხვავდება.

  პომიდორი შეიცავს ლიკოპენს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კაროტინოიდი და ანტიოქსიდანტია. ის ბოჭავს თავისუფალ რადიკალებს და ორგანიზმს მათი უარყოფითი გავლენისგან იცავს; ლიკოპენი ასევე ინარჩუნებს დნმ-ს სტრუქტურას, რითაც ხელს უშლის ონკოგენეზს და ამცირებს სიმსივნის რისკს. იმისთვის, რომ ლიკოპენი უკეთ აითვისოს ორგანიზმმა, სასურველია პომიდორი ცხიმთან (მაგ. ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთთან) ერთად მივიღოთ.

 

 პომიდორი ძალიან გემრიელი, მარგებელი და ხელმისაწვდომი პროდუქტია. მას იყენებენ სალათებში, წვნიანებში, სოუსებში, კონსერვებში, ღვეზლებში და ა.შ. პომიდვრისგან მზადდება პოპულარული კეტჩუპი, ტომატპასტა, პომიდვრის წვენი. ძალზე პოპულარულია პამიდვრის მწნილი, რომელსაც როგორც მწიფე, ისე მკვახე პამიდვრისგან აკეთებენ. იტალიელები პომიდორს ჩირივით აშრობენ, შემდეგ კი სანელებლებთან ერთად ზეითუნის ზეთში დებენ, პიცა კი უბრალოდ წარმოუდგენელია პომიდვრის სოუსის გარეშე. ესპანეთში პომიდვრისგან ამზადებენ ცივ სუპებს - გასპაჩოსა და სალმორეხოს. გარდა ამისა, ესპანეთში, ქალაქ ბუნიოლში, ყოველწლიურად ეწყობა პომიდვრის დღესასწაული - ტომატინა, რომელზე დასასწრებადაც ტურისტები მთელი მსოფლიოდან ჩადიან.