Search
Or
მაწონი

მაწონი ქართული  რძემჟავა პროდუქტია. იგი შეიცავს  ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, A,  B2, PP    ვიტამინებს,  ბეტა-კაროტინს, მინერალებს. მასში შემავალი შემადედებელი ბაქტერიები ძალიან სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისათვის. როგორც კავკასიური ლეგენდა მოგვითხრობს, საუკუნეთა მანძილზე გასაიდუმლოებული იყო მაწვნის მომზადების  რეცეპტი, რადგან მასში იყო დამალული კავკასიელთა დღეგრძელობის საიდუმლო.

მაწონი აქრობს წყურვილისა და შიმშილის გრძნობას, გააჩნია  დამამშვიდებელი ეფექტი - რეკომენდებულია მისი ძილის წინ მიღება. ის ამცირებს ქოლესტერინის დონეს და ორგანიზმიდან ტოქსინებს გამოდევნის. მაწონს  გაცილებით უკეთესად ითვისებს ორგანიზმი, ვიდრე რძეს და ამასთან, როგორც არაპასტერიზებული, ანუ მიკროორგნიზმების ცოცხალი კულტურების შემცველი  პროდუქტი, ჯანმრთელობისათვის ბევრად სასარგებლოა. გასული საუკუნის 80-იან წლებში მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მაწვნის მიღება ხელს უწყობს ისეთი დაავადებების პრევენციას, როგორებიცაა  პარკინსონი, ალცჰეიმერი და გულის თანდაყოლილი დაავადებები. მაწვნის გამორჩეულად სასარგებლო თვისებების გამო წლების წინ ჩამოსულმა იაპონელმა მეცნიერებმა, შეისწავლეს ეს უნიკალური პროდუქტი,  სამშობლოში წაიღეს ქართული მაწვნის შტამი და  მისი წარმოება დაიწყეს. ნამდვილი მაწონი მზადდება მხოლოდ ნატურალური რძისაგან და მხოლოდ მაწვნის დედოთი.  სხვაგვარად მომზადებული მაწონი მაწვნად ვერ ჩაითვლება.

აღმოსავლურ სამზარეულოში მიღებულია მაწვნის  წვნიანი კერძები და სასმელები.  აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში მაწვნისაგან მზადდება წვნიანი, რომლის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. ხახვი წვნიანისათვის ერბოში ან კარაქში იშუშება.  მწვანილებიდან იყენებენ ქინძს, პიტნას, ზოგჯერ კამასაც. მესხეთში მაწვნის წვნიანს დანაყილ ნიორსაც უმატებენ, სომხურ ვარიანტში კი ხორბლის ბურღულს ან ბრინჯს იყენებენ.  მაწონი წარმოადგენს  ოლადების, ნამცხვრებისა და ღვეზლების ერბოზელილი  ცომის   ერთ-ერთ ძირითად ინგრედიენტს. მაწვნით მზადდება სოუსები სალათებისათვის. წყალგარეული მაწვნით ამზადებენ გამაგრილებელ სასმელს.