Search
ან
ლობიო

საქართველოში გავრცელებულ პარკოსან კულტურათა შორის ყველაზე პოპულარული ლობიოა. ეს მცენარე დანარჩენი სამყაროსთვის ხელმისაწვდომი ამერიკის აღმოჩენის შემდეგ გახდა. ამჟამად ლობიოს მრავალი ჯიში არსებობს, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ევროპულ სამზარეულოში  აქტიურად იყენებენ როგორც წითელ, ისე თეთრ ლობიოს. მისგან ამზადებენ სხვადასხვა წვნიან კერძს, პაშტეტს, სალათს, დიპსა და ღვეზელს. წვნიანებიდან საქვეყნოდ ცნობილია  ტოსკანური რიბოლიტა – ლობიოს წვნიანი ზეითუნის ზეთში მოშუშული ფქვილის დამატებით; ჩილი კონ კარნე  - ლობიოსა და გატარებული ხორცის კერძი, რომელიც მექსიკურ და ტეხასურ სამზარეულოს მიეკუთვნება. სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში სიმინდისა და ცხარე წიწაკით შეზავებული  ლობიოს საიდუმლოს  ჯერ კიდევ უძველეს დროს მიაგნეს, რისი ერთ-ერთი მაგალითიც მექსიკური ბურიტოა.  შესაძლოა უჩვეულოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ თანამედროვე, საავტორო კულინარიაში მოიძებნება ლობიოსგან მომზადებული დესერტებიც - მაფინები, კექსი და სხვა.

ქართულ სამზარეულოში ლობიოს განსაკუთრებული ადგილი უკავია. ყველა კუთხეში მას თავისებურად ამზადებენ და თითეული ვარიანტი უაღრესად საინტერესოა.  კახეთში  წითელი ლობიოს შეჭამანდს რამდენიმე სახის მწვანილს, დაფნის ფოთოლსა და შავ პილპილს  უმატებენ. ამზადებენ კირკაჟს - ლობიოს მარცვლის წვნიან კერძს, რომელსაც უმი ხახვი, მწვანილი და მზესუმზირის ზეთი ემატება. ლობიოს შეჭამანდს ზოგჯერ უმატებენ გათქვეფილ კვერცხს ან პამიდორს. დასავლეთ საქართველოში  ლობიოს, ახალ მწვანილთან ერთად, ხმელი სანელებლებითაც კაზმავენ. სადღესასწაულო ვარიანტად ნიგვზიანი ლობიო ითვლება. განსაკუთრებულად გემრიელია ქოთანში მოხარშული ლობიო კეცზე გამომცხვარი მჭადის, მწნილეულისა და  ქორფა მწვანილის თანხლებით. რაჭაში ლობიოს მომზადების  განსხვავებული კულტურაა - აქ ლობიოს ლორთან ერთად ხარშავენ, რაც კერძს განუმეორებელ გემოს სძენს. რაჭა ლობიანების სამშობლოა - ამ საკულტო ღვეზლის გამოცხობა რაჭაში მთელი რიტუალია. ლობიანის გულსართად აუცილებლად კანგაცლილ ლობიოს  იყენებენ, ცხიმად კი ღორის ქონს ხმარობენ.

 

თეგები