Search
ან
დარიჩინი

დარიჩინი ფართოდ გავრცელებული და პოპულარული სანელებელია, რომელიც დარიჩინის ხის ქერქისგან მიიღება. დარიჩინის ხე უმეტესად აზიის ქვეყნებში, ტროპიკულ კლიმატში ხარობს და 15 მეტრამდე სიმაღლის იზრდება. დარიჩინი უძველესი დროიდან არის ცნობილი. მის თვისებებსა და ჯიშებზე ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში წერდა პლინიუს უფროსი, ის ნახსენებია ბიბლიაში. ეს სანელებელი გამოიყენება როგორც კულინარიაში, ისე სამკურნალო მიზნებითაც. მაგალითად, მისი მიღება ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ამცირებს სისხლში ცუდი ქოლესტერინისა და შაქრის დონეს, ასევე სასურველია მათთვის, ვისაც წონაში დაკლება სსურს. 

 კულინარიაში დარიჩინი გამოიყენება ცხობისას, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადებისას, ხორცისგან მომზადებული კერძების შესაზავებლად და სხვ. დარიჩინი განსაკუთრებით უხდება ვაშლს, ამიტომ მას თითქმის ყოველთვის უმატებენ ვაშლიან ღვეზელსა თუ ნამცხვარს. დარიჩინის ჩხირები უფრო სასმელების მოსამზადებლად გამოიყენება. დაფქულ დარიჩინს აყრიან ყავასა და ცხელ შოკოლადს, ხოლო ჩხირებით ადუღებენ ჩაისა და გლინტვეინს, რომელიც ზამთრის ცივი დღეების გამათბობელი სასიამოვნო სასმელია. დარიჩინს აგრეთვე იყენებენ მაგარი ალკოჰოლური სასმელებისთვის არომატის მისაცემადაც. მაგალითად, თუ დარიჩინის ჩხირს ვისკის ან არყის ბოთლში ჩავაგდებთ, გარკვეული დროის შემდეგ სასმელი განსხვავებულ ფერს, გემოსა და არომატს შეიძენს. დარიჩინის ჩხირი რამდენჯერმე შეგიძლიათ გამოიყენოთ, ოღონდ გამოყენების მერე უნდა გაავლოთ წყალში და კარგად გაამშრალოთ. რამდენჯერმე გამოყენებული დარიჩინის ჩხირით შეგიძლიათ დეკორატიული ნივთები (მაგ. საშობაო საჩუქრები, სუფრის ატრიბუტიკა და სხვ.)  გააფორმოთ და დაამშვენოთ.

 მიუხედავად იმისა, რომ დარიჩინს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, მისი  დიდი რაოდენობით მიღება მაინც არაა სასურველი, რადგან შეიძლება ნერვული აღგზნებადობა ან თავის ტკივილი გამოიწვიოს. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ ასევე ორსულებს (საწყის პერიოდში) და ჰიპერტონიკებს.

ექსპერტის რჩევები