Search
ან
ახალი წელი და საქართველო

კახეთში საშობაო სუფრაზე აუცილებლად უნდა ყოფილიყო მოხარშული ღორის თავ-ფეხი. მოგვიანებით აუცილებელ ატრიბუტად იქცა ღორის მწვადები და მუჟუჟი  - ღორის  ძალიან კარგად მოხარშული ფეხები, რომელსაც ძმრით, ქინძით, ნივრითა და მარილით აზავებენ. სუფრაზე უნდა იყოს მრგვლად მოხარშული დედალი ნიგვზის საწებლის თანხლებით.  კახური ტრადიციით, საახალწლოდ აუცილებლად იხარშება სიმინდი ნიგვზისა და ნივრის საკაზმით. ზოგადად, მარცვლეული  ბარაქისა და მოსავლიანობის სიმბოლოდ არის მიჩნეული და სუფრაზე მარცვლეულის რომელიმე კერძი აუცილებლად უნდა იყოს. ის, რის გარეშეც  კახური სუფრა წარმოუდგენელია, არის  უკვე შაქარმოკიდებული, კარგად დავარგებული ჩურჩხელა და ხრაშუნა გოზინაყი.

 

გურიაში ახალი წლის პირველ დღეს კალანდა ჰქვია. მამლის ყივილზე ყველა ფეხზე დგებოდა.  ამ დღეს გურულები თოფის სროლით ხვდებოდნენ.  ოჯახში  მოსულ მეკვლეს თან უნდა ჰქონოდა  ჩიჩილაკი და სანოვაგით სავსე ხონჩა. საშობაოდ ყველა გურულ ოჯახში ცხვება საშობაო ღვეზელი - მოხარშული კვერცხისა და ყველის ერთგვარი ხაჭაპური, რომელსაც ნახევარმთვარის ფორმა აქვს. ასევე ტრადიციულია ინდაურის საცივი და მოხარშული  ღორის ხორცი.

მსგავსი ტრადიციებია იმერეთსა და სამეგრელოშიც. იმერეთში აუცილებლად მზადდება საცივი, ხაჭაპური, გოზინაყი და მხალეული. თუმცა ეს ტრადიცია უკვე მეოცე საუკუნიდან იღებს სათავეს, როცა ხელმისაწვდომი გახდა სათბურში მოყვანილი ბოსტნეული. სამეგრელოში იწვება გოჭი, მზადდება ღომი და ელარჯი.  დასავლეთ საქართველოში საახალწლოდ მიირთმევენ კუპატებს. სამეგრელოში კუპატები გულ-ღვიძლით მზადდება და, ბუხრის თავზე დაკიდებული,  დიდი ხნის განმავლობაში იბოლება, იმერეთსა და გურიაში კი უფრო ფარშის კუპატებია პოპულარული. ამ კუთხეებში, რა თქმა უნდა, მზადდება გოზინაყი, რომლის გარეშეც არ არსებობს ქართული საახალწლო სუფრა. დასავლეთ საქართველოში ჩურჩხელას თხილის მთლიანი გულისგან აკეთებენ და მას ჯანჯუხა ჰქვია.

 აჭარულ საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს  ბაქლავა და აჩმა. ბარაქის მოსატანად  სახლის თითოეულ კუთხეში  ყრიან მარცვლეულს. ხორბლით სავსე ჯამს თაფლსა და თხილეულთან ერთად დგამენ საახალწლო სუფრაზეც.

 

 

თეგები