Search
ან
ახალი წელი საქართველოში

შობა-ახალი წლისთვის  ყოველი ქართული ოჯახი განსაკუთრებულად ემზადება.  ქრისტიანული ტრადიციით შობა გაცილებით დიდ დღესასწაულად ითვლება, ვიდრე ახალი წელი, რომელიც დიდი დოზით შეიცავს წარმართულ წეს-ჩვეულებებს, თუმცა  არანაკლებ პოპულარულია საქართველოში. ახალი წლის განსაკუთრებული პოპულარობა ჩვენში, გარკვეულწილად,  საბჭოთა ეპოქამაც განსაზღვრა.

 წინაქრისტიანულ  ეპოქაში, ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით,  სპეციალური რიტუალები იმართებოდა, რომლის დროსაც  ნაყოფიერებისა და სიუხვის მფარველ  ღვთაებას -  აგუნას - შესთხოვდნენ, რომ წელი ყოფილიყო მოსავლიანი და ბარაქიანი.

ევროპის ქვეყნებში შობა-ახალი წლისთვის თუ ნაძვის ხეს რთავენ, საქართველოში ტრადიციულია ჩიჩილაკი - სიცოცხლისა და მოსავლიანობის სიმბოლო. ჩიჩილაკი ითლება თხილის ხის ტოტებისგან. მის ტალღურად განლაგებულ ხის ანათალებზე მაგრდება სხვადასხვა ტკბილეული,  კენკრა და ხილი. ეს ტრადიცია უმეტესად დასავლეთ საქართველოში არსებობს და შორეული წარსულიდან იღებს სათავეს. ჩიჩილაკს მეორენაირად „ბასილას წვერს“ უწოდებენ, რაც უკვე ქრისტიანობის გავლენაა და წმინდა ბასილი დიდის სახელს უკავშირდება.

 

საქართველოს ყველა კუთხეში ასეთი საშობაო ტრადიცია არსებობდა - მამაკაცების გუნდი  ჩამოივლიდა უბნებს და თითოეულ ოჯახს ალილოს სიმღერით ულოცავდა შობის დადგომას. ოჯახები, თავის მხრივ, უმასპინძლდებოდნენ იმით, რაც მოეპოვებოდათ - პურით, კვერცხით, ცოტაოდენი ფულით, ჩირეულითა და სხვადასხვა ნუგბარით.  ამ ტრადიციამ, გარკვეული ფორმით, დღემდე მოაღწია.  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში  სადღესასწაულოდ სხვადასხვა კერძი მზადდებოდა, თუმცა ერთ რამ ყველას აერთიანებდა: მზადდებოდა ღორის ხორცისა და ფრინველის კერძები. სუფრაზე უნდა ყოფილიყო მარცვლეული, თაფლი და ჩირი. საახალწლო რიტუალებიდან საქართველოში უპირველესი არის მეკვლის კულტურა. მეკვლე ის ადამიანია, რომელიც  ახალი წლის დადგომისას პირველი სტუმრობს ოჯახს და, ხალხში გავრცელებული რწმენით, კეთილდღეობა და ბარაქა უნდა დააბედოს ოჯახს. ამიტომ, მეკვლე ყოველთვის ხელდამშვენებული უნდა ეწვიოს მასპინძლებს.

 

თეგები