Search
Or
მსოფლიოს 10 კერძი

ინდური „ბელ პური“

„ჩიქენ პაკორა“ თუ „ბელ პური“? „ბელ პური“ თუ „ჩიქენ პაკორა“ - საკითხავი ესაა, როცა ინდურ რესტორანში ზიხარ.  გუშინ, მეც ასე  როდენის ქანადაკებასავით დაფიქრებული ვიჯექი თბილისის ერთადერთ ინდურ რესტორანში და ჩემ ტვინს  იგივე შეკითხვით ვაწამებდი. ბოლოს, მაინც ბელ პური ავირჩიე, ის ხომ, ინდოეთის ქუჩის სამზარეულოს ყველაზე გემრიელი კერძია. როცა შეკვეთა მომიტანეს და მოხარშული, ქარი მოყრილი ბრინჯის, შემწვარი ხორცისა და სანელებლებლებით გაზავებული ბოსტნეულის  პირველი ლუკმა გავსინჯე, მივხვდი რატომ ამაყობენ ინდოეთში ამ კერძით.

მაროკოული ქაბაბი

მაროკოში მოგზაურობაზე წლებია ვოცნებობ. ინტერნეტით ხან ლანდშაფტის და ქალაქების ფოტოებს ვათვალიერებ, ხან მაროკოული მუსიკის კონცერტებს ვუყურებ, ხან კიდევ, ვცდილობ მათი ნაციონალური კერძების რეცეპტები ვიკითხო. ასე აღმოვაჩინე მაროკოული „შიშ ქებაბი“, რომლის მომზადების და მირთმევის წესი ქართულისგან  განსხვავდება.  ჩვენ თუ, გადამუშავებულ ღორის ან ხბოს  ხორცს თხელ ლავაშში ვახვევთ და მაშარაფის საწებელთან ერთად  მივირთმევთ, მარკოში ასე არ არის.  აქაურებს, საქონლის სუკი და მისი სხვადასხვა ინგრედიენტთან შეზავება უყვართ. ხორცს წვრილად დაჭრილ ხახვს, ოხრახუშს, ქინძს, პაპრიკასა და თეთრ პილპის ურევენ, ზეითუნის ზეთში ამოვლებულს შამფურზე წვავენ.  სუფრასთან აპერიტივებთან ერთად მოაქვთ. თეფშის შუაგულში ქაბაბი დევს,ხოლო გარდიგარდმო   პიტას პური, არაჟანი, მწვანე ზეთისხილი, პიტნის ფოთლები და კარტოფილი მიწყობილი.
 

 
გერმანია – Currywurst

ამ კერძის სახელს, ალბათ, მხოლოდ, გერმანულის მცოდნეები გამოთქვამენ.  „ქარივურსტი“, მგონი ასე იკითხება მისი სახელი და  გერმანული სამზარეულოს შეუცვლელი ინგრედიენტისგან, ძეხვისგან შედგება.  სწორედ,  პოპულარული შემადგენლობა - შემწვარი კარტოფილი და ცხარე სოუსია ქარივურსტის წარმატების მიზეზი. ის, განსაკუთრებით ბავშვებს უყვართ, მაგრამ საბედნიეროდ, ლენინთან მას  ამის გარდა არაფერი აკავშირებს. ერთი შეხედვით უბრალო და მარტივი კერძის უჩვეულო პოპულარობამ გერმანელი კულინარები დააინტერესა. მათ, ქარივურსტზე საზოგადოების მოთხოვნა იკვლიეს და აღმოაჩინეს,რომ   გერმანელები წელიწადში 800 მილიონ ქარივურსტს ჭამე.


ინდონეზიური კერძი - Nasi goring
 ბრინჯი ისეთი ინგრედიენტია, რომ ძალაუნებურად აღმოსავლეთში გამოგზაურებს. თვალებს ნუ დახუჭავთ, თორემ ტექსტის წაკითხვას ვეღარ შესძლებთ. შეეცადეთ თვალგახელილებმა შეიგრძნოთ ინდონეზიის ტროპიკული კლიმატი, გაისეირნოთ ფოსფორისფერ მწვანე ტერასებზე, საათობით მიაშტერდეთ მდორე მდინარეებს და ხელით შეეხოთ  საუკუნოვან პაგოდებს. Nasi goring ის კერძია, რომელიც მთელ ამ ლანდშაფტს თავის არომატში აერთიანებს. ნახევრადმოხარშულ ბრინჯს, ხახვთან და ნიორთან ერთად,  კარაქში წვავენ. მიღებულ მასას ეტაპობრივად ასხამენ ჯერ სხვადასხვა სოუსს და მერე ზემოდან ჩილის  აყრიან. ცოტა ქათმის ხორცი, ცოტაც კვერცხი და კერძი მზადაა. მერე და რა სუნი აქვს... მმმმმ.... პირზე ნერწყვი მოგადგება. 2011 წელს, Nasi goring-ი CNN-ის ყოველწლიური კულინარიული რინგის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ, ამ კერძს მსოფლიოში ყველაზე გემრიელი კერძის სტატუსით იცნობენ.

კენიური უგალი

ღომს ტყუპისცალი ჰყოლია. ის კენიაში, უხსოვარ დროს  დაიბადა და უგალი დაარქვეს. შეიძლება მეგრულიც იცის, მაგრამ ეს რომ გავიგოთ კენიაში მოგვიწევს ჩასვლა. იმედია ჩემსა და თქვენს ცხოვრებაში, ეს დღე მალე დადგება, მაგრამ მანამდე უქმად ჯდომას, აჯობებს უგალიზე კითხვით ვიჯეროთ გული. მისი მომზადების წესი ზუსტად ისეთივეა, როგორიც ღომის. საოცარია, როგორ მოუვიდა თავში ორ სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრებ, სხვადასხვა კულტურისა და მენტალიტეტის ადამიანს ერთნაირი რეცეპტი. ამ შეკითხვაზე ორი პასუხი მაქვს -  ინგრედიენტი და ალბათობის თეორია. მიბაძვა, ან ქურდობა ნაკლებსავარაუდოა, თუმცა რა არი ხდება...

კენიური  სამბოსა/სამოსა

ნამცხვარი ნაპოლეონი გახსოვთ? ნუ, თუ რეცეპტს ვერ იხსენებთ, შეეცადეთ  მისი ცომის გემო გონებაში  აღიდგინოთ.   სამოსას ნაპოლეონივით ჰაეროვანი და სიფრიფანა ცომისგან მზადდება.  მე მას ბოსტნეულის ნამცხვარს დავარქმევდი, რადგან მართლაც ნამცხვრის მსგავსად კეთდება. სხვადასხვა ხორცის სახეობას რომ დაუნანებლად დავუმატოთ ბარდა, ოსპი, ხახვი, კარტოფილი, სანელებლები და  30 წუთით   ღუმელში შევდგათ, კენიელების საყვარელი ღვეზელი გამოცხვება. სამოსას დიდად აფასებენ ევროპაშიც.


არივაა! ცხარე მექსიკური კერძი – Tacos & Tostados

მექსიკური სომბრერო თუ არ დაიხურე, რაა ცხოვრება - ალბათ, ასე ფიქრობდა კაცი, რომელმაც პირველი სომბრერო შეკერა. ის, არ ცდებოდა. მექსიკური კულტურა ერთ-ერთია იმ კულტურებს შორის, რომელიც ახლოს უნდა გაიცნო.
პირველი გაკვეთილი კულინარიას დავუთმოთ. მექსიკელები პურს თითქმის არ ჭამენ. ესეც მათი კულტურის ნაწილია. აქ, ხორბალზე მეტად სიმინდი ფასობს, ალბათ იმიტომ, რომ სიმინდის სამშობლოა. „ტაკოს“ და „ტოსტადოს“, სწორედ მისგან ამზადებენ. პირველი ბლინივით რბილია, ხოლო მეორე  ორცხობილასავით ხრაშუნა.  რბილ ტორტილაში გახვეული კომპონენტები,თეორიულად ერთმანეთს არ უნდა უხდებოდეს, მაგრამ პრაქტიკა საპირისპიროს ამტკიცებს.  ლობიოს, ავოკადოს პიურეს, ყველის, ზღვის პროდუქტების, ჩილის სოუსის და ტომატის სანელებლების კომბინაცია, ხრაშუნი და რბილი მასის კონტრასტი, ან თუმდაც,  ტკბილი, ცხარე, მლაშე და მჟავე გემოების შერწყმა  მექსიკურის მსგავსად, პორტუგალიურ სამზარეულოსაც ახასიათებს და  უჩვეულო გემო აქვს.

ბერძნული Souvlak-ი და პიტა

ყველა ქვეყანას თავისებური გემოს, ფორმისა და სუნის პური აქვს. მასში,  მთელი  ერის კულტურა და ხასიათი ჩანს. აქამდე, პიტას პური ბერძნული მეგონა, აღმოჩნდა, რომ შევცდი, არაბული ყოფია. აი, Souvlak-ი კი უსათუოდ ბერძნული კერძია, რომელსაც პიტას პურთან ერთად მიირთმევენ. ეს არის ხორცისა და ბოსტნეულის გრილი, რომელსაც საბერძნეთის უძველესი ქალაქების ქუჩებში, თქვენი თანდასწრებით მოამზადებენ. მეტიც, თანაავტორობის უფლებასაც კი მოქცემენ და  შეძლებთ, გემოვნების მიხედვით, დაამატოთ სოუსი, ხახვი, სალათის ფურცლები ან სხვა ინგრედიენტები.

ავსტრიული შნიცელი


შნიცელი ჩემი საყვარელი კერძია და თუ ჯერ არ გაგისინჯავს, ვისურვებდი, რომ მალე გასინჯო. ავსტრიელებს ნოყიერი სამზარეულო აქვთ, შნიცელიც მსუყეა. მისი მომზადება მარტივია, გემო კი ძალიან გემრიელი. ტრადიციული შნიცელის გასაკეთებლად ღორის, საქონლის, ხბოს ან ქათმის ფილეს იყენებენ. თუმცა, არსებობს სხვა ალტერნატივებიც. მაგალითად, სოიო ან ტოფუ, რითათ ვეგეტარიანული შნიცელი მზადდება.

თხლად დაჭრილი  უძვლო ხორცი კვერცხ გარეულ ფქვილში და საფანელში ამოავლეთ, მერე ღუმელში შედგით და გამოცხობას დაელოდეთ.ხო მართლა, მარილი და პილპილი არ დაგავიწყდეთ. თუ განწყობა გექნებათ, მდოგვიც მიაშველეთ.

იშიკარი ნაბე
იაპონური სამზარეულო დეტალებისადმი ყურადღებით გამოირჩევა. ისინი ინგრედიენტების შერჩევისას, გემოსა და მათი სიჯანსაღის გარდა, ფერებსაც ითვალისწინებენ. მწვანე,ყვითელი,წითელი,ყავისფერი და შავი ფერის პროდუქტები იაპონური სამზარეულოს ტრადიციაა.

იშიკარი-ნაბე  ორაგულისგან მზადდება. თევზის დიდი ნაჭრები ბოსტნეულთან ერთადაა ჩაშუშული.  კერძი რომ დასრულდეს ტუფო, კონიაკუ (ანუ ეშმაკის ენა), პომიდორი  და კომბოსტო უნდა დავუმატოთ. ყველაფერი ერთად კი, მისოთი შევკაზმოთ.  ნელ ცეცხლზე მომზადებულ ამ  ჯანსაღ პროდუქტებს  განსაკუთრებული გემო  აქვს.