Search
Or
პომიდვრის სოუსი

პომიდვრის სოუსი იტალიური სამზარეულოს გულია, ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა გენიალური და ყველასთვის საყვარელი კერძების განუყოფელი ნაწილი. 
პომიდვრის სოუსი ზაფხულთან, მზესთან, მსუბუქ და იოლ კერძებთან ასოცირდება.

პირველად სოუსის, როგორც დამოუკიდებელი კერძის რეცეპტს 1778 წელს იხსენიებენ კულინარიულ წიგნში. ერთი წლის შემდეგ კი დიდი იტალიელი შეფი ანტონიო ნებია პირველად იყენებს სოუსს პასტასა და პიცაში. 

1839 წელს იტალიელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე პელეგრინო არტუზი ნეაპოლურ დიალექტზე აქვეყნებს წიგნს, რომელშიც აღწერილია პომიდვრის სოუსის თანამედროვე რეცეპტი, ასე ხდება სოუსი ნეაპოლური სამზარეულოს ვარსკვლავი.

პომიდვრის სოუსი სულ რამდენიმე, ყველასთვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტისგან შედგება, თუმცა საიდუმლო მზეზე დამწიფებული ბოსტნეული და მომზადების ტექნოლოგიაა.
სოუსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ მწიფე პომიდორი, სასურველია ჯიში სან-მარცანო, რომელიც გამოირჩევა მოტკბო, ნაკლებად მჟავე გემოთი. ჩვენს შემთხვევაში ალბათ ვარდისფერი ან ხარისგულა პომიდვრით ჩანაცვლება მოგვცემს მიახლოებულ არომატს.

1 კილოგრამ პომიდორს დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 1 წუთამდე. გადავიტანოთ ცივი წყლით სავსე ჯამში, მოვაცალოთ კანი, გავათავისუფლოთ თესლებისგან. დავჭრათ მსხვილად. 

პარალელურად დაბალ ცეცხლზე შემოვდგათ ქვაბი 50 მლ ზეითუნის ზეთით და დაჭრილი ბოსტნეულით (1 თავი ხახვი, 1 პატარა სტაფილო, 2 კბილი ნიორი), მოშუშეთ, ვიდრე ხახვი გამჭვირვალე არ გახდება, დაუმატეთ 10-15 ცალი შაშკვლავის ფოთოლი, დაჭრილი პომიდორი, შეაზავეთ 10 გ შაქრითა და 20 გ მარილით. დატოვეთ დაბალ ცეცხლზე 20 წუთით. დროის გასვლის შემდეგ შეამოწმეთ, შესქელდა თუ არა სოუსი, უკვე მზა გაატარეთ წვრილ საწურზე, გამოიყენეთ დანიშნულებისამებრ.