საუკუნეების მანძილზე, ესპანეთის სამზარეულოზე არაერთმა კულტურამ მოახდინა გავლენა. აღსანიშნავია, რომ მოუხედავად ამისა, ესპანეთმა მოახერხა და შეინარჩუნა ავთენტური გემო, რომელიც მხოლოდ ამ ქვეყანას გვახსენებს.
ესპანეთის სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული გასტრონომიული ტრადიციებია, თუმცა ყველგან თანაბრად იყენებენ ზეითუნის ზეთს, ნიორსა და სხვადასხვა არომატულ სანელებელს.
ესპანურ სამზარეულოს მოიხსენიებენ როგორც ხმელთაშუა ზღვისპირეთის რეგიონისას და მართლაც, მასში მრავლადაა ზღვის პროდუქტებისგან მომზადებული კერზები. მიუხედავად ამისა, ესპანელები არც ხორცზე ამბობენ უარს.
ყველაზე დახვეწილი და განვითარებული ბასკების სამზარეულოა. აღსანიშნავია, რომ ბილბაო პარიზსაც კი არ ჩამოუვარდება კვების ობიექტების ხარისხით. საუკეთესო თევზს კანტაბრიაში ამზადებენ, რვაფეხას წვნიანით კი გალისიაში გაგიმასპინძლდებიან.
კატალონიურ სამზარეულოზე საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა ფრანგულმა და იტალიურმა ტრადიციებმა. იყენებენ როგორც ხორცს, ისე თევზს. აგრეთვე ბოსტნეულსა და რძის პროდუქტებს. თითოეულ კერძს განსაკუთრებული სოუსი მოყვება.
ანდალუზიურ სამზარეულოს უმეტესად არაბული სამყაროს გავლენა ეტყობა. გარდა ამისა, სწორად ამ მხარეში ამზადებენ ზეითუნის ზეთს. ითვლება, რომ ცნობილი ესპანური ცივი წვნიანი, გასპაჩო, ანდალუზიაში შეიქმნა.
გაითვალისწინეთ, ესპანეთში ყოფნის დროს აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ პაელია (ბრინჯის ფლავის მაგვარი კერძი), ტაპასი (პატარა სენდვიჩები), გასპაჩო, სისხლიანი ძეხვი, ემპანადასი (შიგთავსიანი ღვეზელი) და ხამონი (გარეული ტახის შებოლილი ბარძაყი). გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღვინის კოქტეილის, სანგრიას, სამშობლო ესპანეთია.