თაფლი ძალზე სასარგებლო, გემრიელი და არომატული პროდუქტია. იგი მაღალი კვებითი და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. მის 75-80% -ს ნახშირწყლები - გლუკოზა, ფრუქტოზა და სახაროზა - შეადგენს. მათი დაშლისას გამოიყოფა ენერგია, რომელიც აუცებელია ადამიანის სასიცოცხლო პროცესებისთვის. თაფლის ფერმენტები აუმჯობესებს მეტაბოლურ პროცესს, საჭმლის მონელებას, გულის კუნთის მუშაობას, კუჭის წვენის სეკრეციას და სხვ. თაფლს აქვს დამამშვიდებელი და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. თაფლის მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც ამ პროდუქტზე ალერგია აქვს, ხოლო შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა ის მხოლოდ ექიმთან კოსულტაციის შემდეგ შეიძლება მიიღონ.
თაფლის ფერი და გემო დამოკიდებულია მცენარეებზე, ნიადაგზე, ფუტკრის ჯიშზე და სხვ. იქ, სადაც მცენარეების შესაწამლად პესტიციდებს გამოიყენებენ, თაფლის ხარისხიც ცუდია, რადგან ტოქსიკური ნივთიერებები პროდუქტში კონცენტრირდება. ფიჭიდან ახალდაწურული თაფლი თხევადია, მაგრამ დროთა განმავლობაში კრისტალდება, რაც მის კარგ ხარისხსა და სიმწიფეზე მიგვანიშნებს. თუმცა ზოგიერთი მცენარის (მაგ. თეთრი ცაცხვის, წაბლის) ნექტრისგან გაკეთებული თაფლი დიდი რაოდენობით ფრუქტოზას შეიცავს და ძალიან ნელა ან საერთოდ არ კრისტალდება. კარგად მომწიფებული თაფლი, როგორც წესი, არ ფუჭდება.
თაფლი ძვირფასი და მოთხოვნადი პროდუქტია, რის გამოც ხშირია მისი ფალსიფიკაციის შემთხვევები, ამიტომ გვსურს მოგცეთ რამდენიმე რჩევა. შეეცადეთ თაფლი უშუალოდ მეფუტკრისგან შეიძინოთ; თაფლის კოვზიდან სიმაღლეზე გადმოღვრისას უნდა წარმოიქმნას 10-12 სმ სიგრძის უწყვეტი ნაკადი; თაფლი უნდა იყოს გამჭვირვალე; ზაფხულში ნაყიდი თაფლი უნდ აიყოს თხევადი, ხოლო შემოდგომაზე ან ზამთარში ნაყიდი - დაკრისტალებული (გარდა რამდენიმე სახეობისა, რაც ზემოთაც აღვნიშნეთ); 1 ლიტრი თაფლის წონა არ უნდა იყოს 1,5-1,4 ლიტრზე ნაკლები; თაფლს არ უნდა ჰქონდეს მომჟავო გემო და ქაფი; თუ ძმრის დაწვეთების შედეგად თაფლი აფუშფუშდა, მაშინ მას შესასქელებლად ცარცი აქვს დამატებული. თაფლის შესანახად იდეალურია მინის ჭურჭელი და გრილი, ბნელი ადგილი.