ჩვენ, ქართველებს, ბევრი რამ გვაქვს საამაყო, მათ შორის, სამზარეულოც. დიახ, სამზარეულო და განსაკუთრებით - ხაჭაპური. ისევე, როგორც ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში, აქაც მრავალფეროვნებით გამოვირჩევით. დღეს გურულ ხაჭაპურზე, იგივე გურულ ღვეზელზე ვისაუბრებთ.
გურულ ღვეზელს, მონათესავე, ტრადიციული, ყველისა და ცომის კომბინაციით მიღებული ხაჭაპურისგან ის გამოარჩევს, რომ მისი შიგთავსი მოხარშულ, შუაზე გაჭრილ კვერცხსაც მოიცავს. ასევე, მას ნახევარმთვარის ფორმა აქვს. გურულებს მიაჩნიათ, რომ ღვეზელისთვის ამგვარი ფორმის მიცემა ერთგვარად დაკავშირებულია ციურ სხეულებთან და მათ სიძლიერესთან.
ტრადიციულად, გურულ ღვეზელს საშობაოდ, ან ძველით ახალი წლისთვის, კალანდობისთვის აცხობენ. გურულები გვირჩევენ, რომ გურული, იგივე საშობაო ღვეზელისთვის განკუთვნილი კვერცხი, ღვეზელის მომზადებამდე ორი დღით ადრე, შუა ცეცხლში ჩაკიდების შემთხვევაში, განსაკუთრებულ, შებოლილ არომატს მიიღებს.
გურიაში გავრცელებული ხმების თანახმად, ოდესღაც, გურული ღვეზელი ოჯახიდან გათხოვილი ქალის მოსაკითხად მისვლისას აუცილებელი ატრიბუტი იყო, ზოგიერთი ვერსიით, სწორედ იმ რაოდენობის ღვეზელი უნდა გამოცხვეს, რამდენი წევრისგანაც შედგება ოჯახი.
ღვეზელის მოსამზადებლად დიდი ძალისხმევა ნამდვილად არ დაგჭირდებათ, თუ უკვე იცით, როგორ მიიღოთ იდეალური კონსისტენციის მქონე საფუარიანი ცომი, ყველის შერჩევაშიც გაწაფული ხართ და რამდენიმე კვერცხიც მოგეპოვებათ ახლო-მახლო, არ არის აუცილებელი, შობას, ან კალანდობას დაელოდოთ. გემრიელი სიამოვნების გადადება არ ღირს!