ხორცის თემა ძალიან დიდი და ამოუწურავია, თუმცა რამოდენიმე ძირითადი წესს გაგიზიარებთ.
არსებობს ხორცის სამი ტიპი : 1) ახალდაკლული, 2) გაციებული (მომწიფებული), 3) გაყინული
გაითვალისწინეთ შემდეგი:
• არ იყიდოთ ხორცი საეჭვო ადგილებში (განსაკუთრებით გზის პირას)
• არ იყიდოთ ხორცი რომელსაც რამდენჯერმე გალღობა/გაყინვის ნიშნები აღენიშნება
• არ იყიდოთ ხორცი ზაფხულის ცხელ დღეებში, რომელიც მაცივარში არ ინახება
• არ იყიდოთ ხორცი თუ გაფუჭების 1 ნიშანი მაინც შენიშნეთ (ხშირად მსმენია მისი ამოჭრა/გადაგდების შესახებ რაც არასწორია)
• ბაზარში ხორცის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შემოწმებულ/დამოწმებულ ხორცის „ბეჭედს“
რაც შეეხება გაყინულ ხორცს და ზოგადად გაყინვას, იგი მნიშვნელოვნად აუარესებს ხარისხს. ( თუ ყინავენ, იყინება -40 გრადუსზე და ასე ინახავენ 1-2 წლით, რომლის ფასიც რათქმაუნდა ბევრად დაბალია ვიდრე საღი ხორცის)
გაუყინავი ხორცი შეიძლება იყოს : 1) ახლად დაკლული და 2) მომწიფებული
ახლად დაკლული ხორცი რბილი, ნაზი და წვნიანია თუმცა დაკვლიდან 4 საათში იმდენად მკვრივი ხდება, რომ თერმული დამუშავებითაც კი შეუძლებელია მისი დარბილება. არც ნახარშია მაინც და მაინც სახარბიელო (საკმაოდ უგემურია), თუ მაინც და მაინც ასეთ ხორცს შეიძენთ უმჯობესია დაამწიფოთ მაცივარში ( + ტემპერატურაზე), 1-2 დღეში დარბილდება, გემოც და სუნიც გაუმჯობესდება. ხორცის მაღაზიებში უმეტესად 1-2 დღიანი დამწიფებული ხორცი იყიდება, რაც კარგია.
მომწიფებული ხორცი უმჯობესია მალევე გამოიყენოთ! გაუყინავი ხორცი საღია თუ : მისი ზედაპირი მშრალია (ანუ ხელსახოცის დადების შემთხვევაში არ სველდება), ხორცს აქვს კონკრეტული იმ სახეობისთვის დამახასიათებელი სუნი, ხორცის კონსისტენცია დრეკადი და ელასტიურია (თითს რომ დააჭერთ მცირედი ღრმული მალევე უნდა შეივსოს), ხორცის გაჭრისას მასა უნდა იყოს სველი და არა წებოვანი, მყესები უნდა იყოს ელასტიური და მკვრივი, სახსრები თეთრი, ცხიმი არ უნდა იყოს ყვითელი.
გაყინული და შემდგომ გამღვალი ხორცის ამოცნობა - ხორცი სველია და ქაღალდის ხელსახოცის დადების შემთხვევაში მკვეთრად სველდება, მუდამ გასდის წვენი და არაელასტიურია. თითის დადების შემდგომ ღრმული დიდხანს არ ივსება
საქონლის ქონს აქვს თეთრი, კრემისფერი ან მოყვითალო შეფერილობა. ღორის ქონი რბილია და შეფერილობა თეთრი ან ღია ვარდისფერი აქვს, ცხვრის ქონი კი თეთრი და მკვრივია.
ჩვენი მოწვეული შეფის #საბასრჩევები