Search
Or
ათი იდეა საუზმისთვის


ფოკაჩა

ცომეული მარტო ქართველებს არ გვიყვარს. ამის დასადასტურებლად იტალიური სამზარეულოს მაგალითიც კმარა. პიცა, პასტა... და ფოკაჩა - ეს უკანასკნელი კი  მათი სამზარეულოს ლიდერი ცომეულია. რომ არ დაიბნეთ, განვმარტავ - ფოკაჩა, იტალიური პურის სახეობაა.
მომზადება მარტივია. გემო უნიკალური.
 
პირველი ინგრედიენტი, რაც ფოკაჩას მოსამზადებლად დაგჭირდებათ   საფუარია. ის, ორ ჩ.კ. შაქართან  ჩაყარეთ  ყავის ფინჯანში. მასას, მოასხით თბილი წყალი და ჭიქა სანახევროდ გაავსეთ. ჭურჭელს თავსახური დააფარეთ. დაელოდეთ.  საფუარის გაფუებას  3-დან 5 წუთამდე  სჭირდება.
ამის შემდეგ, ჯამში ფქვილთან ერთად, მარილი, შაქარი და  ზეითუნის ზეთი აურიეთ. მასას დაუმატეთ ყავის ფინჯაში აფუებული საფუარი, თბილი წყალი და ცომი 10 წუთის მანძილზე მოზილეთ. ამ პროცედურის შემდეგ, ჯამს ზეწარი გადააფარეთ და სითბოში დადგით.  45 წუთში ცომი გააპრტყელეთ , ჩანგლით დაჩხვლიტეთ - ასე, თავიდან აიცილებთ  ცხობის დროს არათანაბარ აფუებას.
ამ პურს ზეთისხილის გემო აქვს. ეს შემთხვევითი არაა, რადგან ფოკაჩას  ამ  ინგრედიენტს  საგანგებოდ უმატებენ. ცომში, ზეთისხილისა და  ნიორის  გარდა, როზმარინის წვრილი ნაჭრებიც ხვდება. ამ ყველაფერს, გახეხილი პარმიზანის ყველი აგვირგვინებს, რომელიც ცომს ზემოდან უნდა მოაპნიოთ.
ფოკაჩა 10-15 წუთის მანძილზე, 205 C -ზე ცხვება და მასზე გემრიელი პური ლატვიური პურიც კი არ არის.
 


2. ქაცვის ჩაი


 უზმოზე რაც მეტ სითხეს მიიღებთ, მით უფრო ჯანსაღად იგრძნობთ თავს დღის განმავლობაში. ეს კარგი მიზეზია იმისთვის,რომ დილა ქაცვის ჩაით დაიწყოთ.
ქაცვი დიდი ოდენობით C ვიტამინს, ანტიოქსიდანტებსა და ორგანიზმისთვის სასარგებლო მჟავებს შეიცავს.  
ზამთარი მოდის. გრიპი, გაციება, ვირუსები ერთმანეთს ენაცვლებიან. სურდომ თუ შეგაწუხათ, თაფლს, ლიმონსა და  1 ჩაის კოვზ ქაცვს კარგად ადუღებული წყალი დაასხით.  ჭიქაშივე ჩაჭყლიტეთ ქაცვის მარცვლები და კარგად მოურიეთ.   ჩაის ტკბილ-მჟავე გემო აქვს. მოყლუპეთ და იგრძენით, როგორ მარცხდება გაციება.



3. თუ მარილიან საუზმეს, ხილის კოქტეილს ამჯობინებთ, ეს ბლოგი თქვენთვისაა.
წარმოიდგინეთ, სულ რამდენიმე წუთია გღვიძავთ. ფანჯარაში ჯერ ისევ ბინდია. გაციების ნიშნად ტანშიც გაჟრჟოლებთ. გრძნობთ რომ ცივდებით. სიცხე? არა, ჯერ არა...მაგრამ მალე ეგეც იქნება. რა გიშველით ასეთ დროს იმაზე უკეთ ვიდრე ფორთოხლის, ბანანისა და ქაცვის კოქტეილია.   ყველა ინგრედიენტს ბლენდერში გადაუძახეთ.  მიღებული მასა სქელია და ფერადი. კოქტეილი მზად  მაშინ იქნება, როცა რძეს დაასხამთ. თქვენს ჭიქაში გამომწყვდეული ვიტამინების ეფექტი მყისიერია. არ მენდოთ, უბრალოდ სცადეთ.


 



4.  კროსტინი რიკოტას ყველით

ვისაც ბრუსკეტები უყვარს, ის კროსტინიზეც არ იტყვის უარს. მე თუ მკითხავთ,  ერთიცა და მეორეც  საუკეთესო საუზმეა.ისინი მხოლოდ ზომით განსხვავდებიან.
კროსტინის მოსამზადებლად, მომცრო ბაგეტის პური და ფანტაზიაც კმარა.

მრავალფეროვნებისთვის, გირჩევთ, მის მოსამზადებლად უჩვეულო ინგრედიენტები გამოიყენოთ. მაგალითად, რიკოტას ყველი, რომელიც საქართველოში რთული საპოვნელია.  მოკლედ, მთავარია მოინდომოთ.
რიკოტას  მოსამზადებლად რძე, მაწონი და ძმარი დაგჭირდებათ.
პირველი ნაბიჯი  ქვაბში რძის ჩასხმაა. მეორე,  ჭიქაში მაწონის მოთავსება და მასზე რძის დასხმა. ურიეთ სანამ მასა ერთგვაროვანი  არ გახდება. ამ პროცედურას რომ მორჩებით, მაწონის სუბსტანცია  რძიან ქვამბში  გადაუშვით, დაამატეთ ძმარი და კარგად მოურიეთ.  დაბალ ცეცხლზე დადგმული ქვაბში რძე ფერს შეიცვლის და მოყვითალო ფერის ნადები გაუჩნდება. წამოდუღდება თუ არა, გადმოდგით გაზქურადან და გადაწურეთ.   რიკოტას ყველიც მზადაა. საუზმის მომზადების ძირითადი ნაწილი ამით  დასრულებულია.  შემდეგ, აიღეთ ნიორის კბილი, გაჭერით და შუა ნაწილი  ხელთან ახლოს ჩამომწკრივებულ  ბაგეტის პურებს წაუსვით. ღუმელი 200 C გრადუსამზე გაახურეთ და პურები შიგნით შეაწყვეთ. 7 წუთი დაელოდეთ.  გახუხულ  ბაგეტის რიკოტას ყველი დაადეთ,  მარილი მოაყარეთ და ზეითუნის ზეთი მოასხით.  თუ ბოსტნეულის მოთხოვნილება გაქვთ, პომიდორი დაჭერით. მოაყარეთ მარილი და პიტნის დაქუცმაცებული ფოთლები, ხმელი ბაზილიკიც გამოდგება. ესეც, პურზე ჩამოამწკრივეთ და ისიამოვნეთ.


5. ლიმონის ნამცხვარი
ზამთარი მოდის. ამ სეზონზე  ექიმები გვირჩევენ ჩვენი სამზარეულოს მთავარ ატრიბუტად ციტრუსები გადავაქციოთ. მეც იგივეს გირჩევთ.  
ობიექტური  ვერ ვიქნები, როცა ლიმონის ნამცხვარზე ვსაუბრობთ.  თუ ღმერთი არსებობს, ის უსათუოდ  ლიმონის სახით გვევლინება დედამიწაზე, რადგან ამაზე სრულყოფილი მცენარე არ არსებობს. ეს ეთერზეთოვანი ციტრუსი, ერთნაირად უხდება ტკბილს, გემრიელსა და ცხარე კერძებს  და ყოველი დაგემოვნებისას მაოცებს. 
ამიტომ ლიმონის ნამცხვარი ისაა, რაც უსათუოდ უნდა გასინჯოთ სანამ ცოცხალი ხართ.
ამ ნამცხვრის მომზადება იაფი ჯდება და თასმების შეკვრაზე მარტივია.
გაახურეთ ღუმელი 200 C-მდე.  ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, სოდა, შაქარი, ვანილი და ლიმონის ცედრა. აურიეთ. დაამატეთ ზეთი. ჩააწურეთ ერთი მთლიანი ლიმონი, დაასხით 1 ჭიქა წყალი  და მოურიეთ.  მერე, ისევე მოიქეცით, როგორც სხვა ნამცხვრების გამოცხობისას - ცომი ფორმაში ჩადეთ, ზედაპირი მარგარინით მოუპრიალეთ და 30 წუთით ღუმელში შეაცურეთ.
ამით  ყველაფერი არ დამთავრებულა. გააგრილეთ. პარალელურად, ქვაბში გაადნეთ შოკოლადი და მარგარინი, კარგად მოურიეთ, ოდნავ გააგრილეთ და გამომცხვარ ბისკვიტს მოასხით.  გემოვნების მიხედვით, მოაყარეთ ნუში ან ნიგოზი.
 



6. კროკ მონსიე

როგორ წარმოგიდგენიათ პარიზული დილა?  ალბათ, მცენარეებით  სავსე  ვერანდაზე სხედხართ, გადმოჰყურებთ ანტენებიან, ერთი ფერის  სახურავებს და  უშაქრო, შავ ყავასთან ერთად, კრუასანს მიირთმევთ.  კადრი გადაახვიეთ და რეალობის ალტერნატიული ვერსია განვიხილოთ. სხედხართ ვერანდაზე, ათვალიერებთ  ქუჩაში მოსიარულე სილუეტებს და კროკ მონსიეს მიირთმევთ დიჟონის მდოგვით. ჰმმმ... მგონი,  ეს გაცილებით  გემრიელი სცენარია. მისი რეალობად გადაქცევა 180 C-მდე გახურებულ ღუმელს შეუძლია.  სანამ ღუმელთან მივალთ, რამდენიმე პროცედურა გვაქვს შესასრულებელი. მაშ, ასე ვიწყებთ.

ტაფას ვდგამტ საშუალო ცეცხლზე.   მდგოვწასმულ პურს ზემოდან ვადებთ ლორის თხელ ნათალს.  ზემოდანაც, კარაქწასმული  პურის ნაჭრით ვფარავთ და ვწვავთ ტაფაზე. როცა შეიბრაწება, სენდვიჩს ზემოთან მოვაპნევთ გრუიერის  ყველის ნაჭრებს  და 3 წუთით ღუმელში ვათავსებთ. თქვენი ნოყიერი ფრანგული საუზმე მზად არის.

 



7.  გოგრის ბლინები

გოგრის სუპი გამიგია, მაგრამ გოგრის ბლინები არა. ამიტომ, თქვენთან ერთად ვისწავლი მის გაკეთებას.  1 ჩ.კ. საფუარი და იგივე დოზიტ შაქარი პატარა ჭიქაში უნდა ავურიოთ. დავასხათ თბილი წყალი და გავაჩეროთ 2-3 წუთით.
ამასობაში, გოგრის გული  ზეთთან , შაქართან და კვერცხთან ერთად უნდა ხის კოვზით უნდა ავთქვიფოთ. პარალელურად, 1.ჩ.კ სოდას ვასხამთ თეთრი ღვინის ძმარს და ვუმატებთ იმ მასას, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. საბოლოო შედეგის მისაღებად, კიდევ ერთი ინგრედიენტი, ჭიქაში გამზადებული საფუარი უნდა მოვასხათ.  დავუმატოთ ადრიჩინი, მარილი, ჯანჯაფილი და მუსკატის კაკალი.კარგად უნდა მოვურიოთ რომ სანელებლები მასაში თანაბრად გადანაწილდეს. ერთმანეთის მიყოლებით ვამატებთ - ფქვილსა და  რძეს.  
მივიღებთ საშუალო სისქის ცომს. 7 წუთით ვაცდით გაფუებას. ამასობაში, გახურებულ ტაფას ვუსვამთ კარაქს და ზედ ვასხამთ მასას. 3წუთიც და ბლინებიც მზადაა. გემრიელად მიირთვით თაფლთან და ნეკერჩხლის სიროფთან ერთად.

 


8.  სტაფილოს ნამცხვარი

რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ სტაფილოს ნამცხვარი არასდროს გაგისინჯავთ.  და აი, დადგა მისი დაგემოვნების დროც.
ჰმმ.. რა შეიძლება დაგჭირდეთ სტაფილოს ნამცხვრის მოსამზადებლად? სტაფილო!  აუცილებელია იყოს - უმი და წვრილად გახეხილი.
ფქვილი, სოდა,საფუარი, მუსკარი და დარიჩინი რომ ერთ ჯამში უნდა აურიოთ ესეც ცხადია. რატომაა ცხადი არ ვიცი, მაგრამ არ ვიკამათოთ.
ცალკე ჯამში, ხის კოვზით ათქვიფეთ კვერცხი,  შაქარი და  ზეთი. მიირებთ ერთგვაროვან მასას. მას დაუმატებთ  გახეხილ სტაფილოს, ფორთოხლის ცედრას და წვრილ-წვრილად დაჭრილ ნიგოზს. ამ ყველაფერს, ზემოტ ნახსენებ ფქვილის მასას შეურევთ  და მიიღებთ თხელ ცომს. მერე ახურებთ ღუმელს, ესე 180 C-მდე . შიგნით ტოვებთ 40 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ და მიიხედ-მოიხედეთ, ე მანდ, სადმე კურდღელი არ იყოს...თორემ თქვენი სტაფილოს ნამცხვრისგან ნამცეციც კი არ დარჩება.

 


9. ფრიტატა - გამომცხვარი ომლეტი

 კარგი ომლეტის მომზადებას ცოდნა უნდა. თან, ფრიტატა   უბრალო ომლეტი არ გეგონოთ. ის, გამომცხვარია. ეგ როგორ? განაგრძეთ კითხვა და იმედგაცრუებული არ დარჩებით.
დაჭერით ბადრიჯანი, ხახვი, ბულგარული წიწაკა და სოსისი. მაღალ ცეცხლზე გახურებულ ტაფას მოასხით ზეიტუნის ზეთი და ყველა ნახსენები ინგრედიენტი, ერთმანეთის მიყოლებით ჩაშუშეთ. ასე მოიქეცით 3 წუთის განმავლობაში. მერე, დაამატეთ მარილი და პაპრიკა. ათქვიფეთ კვერცხი, დაასხით რძე და 1.ს.კ წყალი.  მოასხით ჩაშუშულ მასას.  შედგით ღუმელში და დაელოდეთ 30 წუთი. შედეგი, სიტყვებზე უკეთესია.
 


10.პაპაიას პური
ამ ტროპიკულ მცენარეს,  ნესვის ხესაც ეძახიან. ამერიკასა და აზიაში ველურად იზრდება.  საზამთრო, თუთა და ნესვი რომ დავამყნოთ, ალბათ პაპაიასნაირი გემო ექნებოდა.  პურიც ასეთივე  გამოდის.
პაპაიას ამოაცალეთ კურკები, გათალეთ და ოთხკუთხედებად დაჭერით. პატარა ჯამში ჩაყარეთ ცუკატები, დაასხით რომი და 30 წუთი ადროვეთ.  მოხალეთ ნიგოზი. სანამ გაგრილდება, ჯამში  კვერცხი, შაქარი და ზეთი ათქვიფეთ. დაამატეთ რძე, 1 ჩ.კ. სოდა , თეთრი ღვინის ძმარი, მარილი,  20-მდე სუფრის კოვზი ფქვილი და კარგად მოურიეთ.  ცომი თხელი უნდა გამოვიდეს. გაგრილებული, წვრილად დაჭრილი ნიგოზი ცომს მოაყარეთ. რომიტ გაღჟენთილი ცუკატებიც ცომში მოათავსეთ. ბოლოს, დაჭრილი პაპაიას ჯერია, ისიც მასას შეურიეთ. ღუმელი 180 C-მდე გაახურეთ და ცომით ამოვსებული ფორმები ღუმელში 1 საათით შეაწყვეთ. როცა  ქერქი ოქოსფერს მიიღებს, პური მზადაა.