არომატული, სურნელოვანი და ოქროსფერი ლიმონი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო და ხელმისაწვდომი პროდუქტია. ლიმონი, როგორც ცნობილია, მდიდარია C ვიტამინით და უებარი საშუალებაა გაციების დროს. გარდა ამისა, ეს ციტრუსი შეიცავს P და B ვიტამინებს, პექტინებს, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმსა და მაგნიუმს.
ლიმონი ფართოდ გამოიყენება როგორც კულინარიაში, ისე საოჯახო საქმიანობაში (მაგ. სხვადასხვა ზედაპირის გასაწმენდად, ლაქების ამოსაყვანად და სხვ.) ლიმონისგან ხდიან ეთერზეთს, ამზადებენ ლიმონმჟავას. ლიმონის წვენს უმატებენ სხვადასხვა წვნიანს, დრესინგს, სალათას, ნამცხვარს თუ ალკოჰოლურ სასმელს. აქტიურად გამოიყენება აგრეთვე მისი ცედრა (გახეხილი კანი), რაც კერძს სასიამოვნო არომატს, ფერსა და გემოს ანიჭებს.
ლიმონისგან მზადდება კრემი დესერტებისთვის - ე.წ. lemon curd, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში მაცივარშიც შეგიძლიათ შეინახოთ. საყოველთაოდაა ცნობილი იტალიური ლიქიორი ლიმონჩელო, რომლის ძირითადი ინგრედიენტი, რა თქმა უნდა, ლიმონი გახლავთ. მაროკოსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ლიმონისგან ერთგვარ მარინადს ამზადებენ და შემდეგ კერძებში იყენებენ. ლიმონისგან მომდინარეობს ისეთი პოპულარული სასმლის სახელი, როგორიცაა ლიმონათი. დღესდღეობით ქარხნულად უამრავი გემოსა თუ ფერის ლიმონათი იწარმოება, თუმცა მისი თავდაპირველი სახეობა ლიმონის წვენის, შაქრისა და წყლისგან მზადდებოდა. ამ მარტივი ინგრედიენტებით თვითონაც შეგიძლიათ სასიამოვნო და გამაგრილებელი სასმლის მომზადება, მაგრამ ვინაიდან ზამთარი გვიახლოვდება, ჯობს იმუნიტეტის ამაღლებაზე ვიზრუნოთ და თაფლიანი ლიმონი მოვამზადოთ. ამისათვის დაგვჭირდება თანაბარი რაოდენობით თაფლი და ლიმონი. ლიმონი კარგად გავრეცხოთ, დავჭრათ, კურკები ამოვაცალოთ და ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ ან დავაბლენდეროთ. შემდეგ დავუმატოთ თაფლი და კარგად ავურიოთ. მიღებული მასა გადავიტანოთ ქილაში და მაცივარში შევინახოთ. თაფლიანი ლიმონით შეგვიძლია დავატკბოთ ჩაი ან ჯემის მსგავსად გამოვიყენოთ, მაგ. ბლინებზე ან კექსზე გადავუსვათ.