Search
Or
ალტერნატიული პიკნიკი

ქალაქგარეთ გასვლა დასვენების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, ზაფხული კი იდეალურია თუნდაც ერთდღიანი ვოიაჟის მოსაწყობად. მეგობრები, მზე, სუფთა ჰაერი, მხიარულება და გემრიელი საჭმელი - დიახ, ეს პიკნიკია.

რა თქმა უნდა, უმეტესობას პიკნიკის ხსენებაზე მწვადი, თონის პური და კიტრი-პომიდვრის სალათი ახსენდება. ჩვენ არაფერი გვაქვს ტრადიციული ქართული პიკნიკის საწინააღმდეგო, თუმცა გვსურს რამდენიმე ალტერნატივა შემოგთავაზოთ.

პირველ რიგში, გვინდა გავამახვილოთ ყურადღება რამდენიმე მნიშვნელოვან ატრიბუტზე, რომელიც აუცილებლად უნდა იქონიოთ თან: მჭრელი დანა, ქაღალდის ხელსახოცები, ერთჯერადი ჭურჭელი და მარილი.

თუ მაინცდამაინც ღორის ხორცის მოყვარულები არ ხართ, შეგიძლიათ თამამად ჩაანაცვლოთ იგი ქათმით ან სოსისით. ნაკვერჩხალზე შემწვარი ქათამი, მითუმეტეს წინასწარ დაბასტურმებული, ტრადიციული მწვადის ღირსეული ალტერნატივაა. თუ სპონტანურად გადაწყვიტეთ პიკნიკის მოწყობა და წინასწარ ვერ მოემზადეთ - სოსისი იდეალური და რაც მთავარია ძალიან გემრიელი გამოსავალია!

გვინდა ასევე შემოგთავაზოთ ნაკვერჩხალში შემწვარი ბოსტნეული. დიახ, ვიცით, რომ ასეთი გზით გამომცხვარი კარტოფილიც ძალიან გემრიელია, მაგრამ სიმინდზე რა აზრის ხართ? გარდა ამისა, შეგიძლიათ თამამად შეწვათ ყაბაყი, ბადრიჯანი, დაჭრილი ხახვი, სატაცური, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო ან ბულგარული წიწაკა.

რა თქმა უნდა, პიკნიკი  ცოცხალი ბოსტნეულის გარეშეც წარმოუდგენელია. ალბათ, კიტრს და პომიდორს ვერსად გავექცევით, თუმცა შეგიძლიათ სურვილისამებრ ჩერი პომიდორი გამოიყენოთ და სალათის ფოთოლიც შეაშველოთ.

არ დაგავიწყდეთ ცომეული - თონის პური, ხაჭაპური და ლობიანი, რა თქმა უნდა, ძალიან გემრიელია, თუმცა შეგიძლიათ ხორცის ან ბოსტნეულის ღვეზელებიც მიირთვათ. ასევე შესაძლებელია ღვეზელის ფორმის ხაჭაპურის და ლობიანის გამოცხობა. გარდა ამისა, დესერტიც აუცილებელია, ამიტომ წაიყოლეთ კექსები და ხილი. კარგი იქნება, თუ საზამთროს და ნესვს ჩაანაცვლებთ შედარებით პატარა ზომის ხილით - მაგალითად: გარგარი, ატამი, ვაშლი, ქლიავი, ალუჩა ან სხვა.

რაც მთავარია - სასმელი! პიკნიკისთვის მისაღებია ნებისმიერი სახის ალკოჰოლური ან არაალკოჰოლური სასმელი, ერთადერთი, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგავიწყდეთ არის მინერალური წყალი!

ასე რომ, გისურვებთ სასიამოვნო დასვენების დღეს, რა თქმა უნდა, ბორჯომის თანხლებით! 

Expret Advices