Search
Or
ყაბაყი

ყაბაყი ხმელთაშუაზღვისპირეთის სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია, თუმცა, მის სამშობლოდ ამერიკა ითვლება. იგი მე-16-ე საუკუნიდან გვხვდება ევროპაში და თავდაპირველად ბოტანიკურ ბაღებში იზრდებოდა, როგორც სხვა ეგზოტიკური მცენარე. კულინარიაში ყაბაყს ბოსტნეულის სახით იყენებენ, თუმცა ბოტანიკური თვალსაზრისით იგი ხილია. აღსანიშნავია ისიც, რომ ყაბაყის ზომამ შესაძლოა 1 მეტრსაც კი მიაღწიოს. მიუხედავად ამისა, პროდუქტი სწორად მომწიფების პერიოდში გამოირჩევა ყველაზე სასარგებლო თვისებებით.

ახალგაზრდა ყაბაყი შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, B/C ჯგუფის ვიტამინებს, მაგნიუმს, კალიუმს, კალციუმს, ასკორბინის მჟავას, რკინას და ა.შ. 100 გრამი ყაბაყი შეიცავს სულ რაღაც 20 კალორიას. მას ხშირად იყენებენ წონაში დაკლების მსურველები. სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე ყაბაყი შეუცვლელია ბავშვთა კვებაშიც. გარდა ამისა, ყაბაყი ეხმარება ორგანიზმს ზედმეტი სითხის განდევნაში, რაც მნიშვნელოვანია სხვადასხვა დაავადებების დროს.

პროდუქტს უმეტესად თერმულად ამუშავებენ: თუშავენ, ხარშავენ ან წვავენ. ხშირია ყაბაყის მარინადების გამოყენებაც. აღსანიშნავია, რომ კანგაუცლელი პროდუქტი ბევრად უფრო სასარგებლოა.

გარდა კულინარიისა, ყაბაყის თესლებს იყენებენ კოსმეტოლოგიაში. პოპულარულია ასევე ყაბაყის ნიღბებიც, რომლებსაც კანის გათეთრების უნიკალური უნარი აქვთ.