Search
Or
ახალი წელი და მსოფლიო

ახალი წლისთვის თითქმის მთელი მსოფლიო განსაკუთრებულად ემზადება და ლამის ერთი თვით ადრე იჭერს თადარიგს. ამ დღესასწაულისთვის ყიდულობენ საჩუქრებს, ნაძვის ხის სათამაშოებს, გირლანდებსა და პროდუქტს.  ახალ წელს ყველა ქვეყანაში თავისებურად ეგებებიან. ევროპის ქვეყნებში საშობაოდ წვავენ ინდაურს ან ბატს, ასევე აცხობენ ჯანჯაფილის კაცუნებსა და ფერადი მინანქრით მორთულ თაფლაკვერებს.

იტალიელები საშობაოდ უამრავ ტკბილეულს ამზადებენ. ცხვება საშობაო  პენეტონე კრემით, ჩირებით  ან შოკოლადის გულსართით. ამ ტრადიციას იტალიელები საუკუნეებია იცავენ.  ტოსკანური საახალწლო სუფრის მშვენებაა ნუშით, ჩირეულით, ციტრუსებითა და თაფლით მომზადებული ნუგბარი - პანფორტე. ასევე პოპულარულია ნამცხვარი პანდორა - რვაქიმიანი ვარსკვლავის ფორმის ტკბილი პური. გენუის სამზარეულოს მიეკუთვნება  დაშაქრული გოგრის ნამცხვარი - პანდოლჩე, რომლის ნაწილსაც ღარიბებს ურიგებენ.

   გერმანიაში მთავარი კერძები  ღორის ხორცისგან მზადდება, წვავენ  აგრეთვე ფარშირებულ ინდაურს. ტკბილეულიდან ცნობილია საშობაო შტოლენი, რომლის  შენახვაც დიდხანს შეიძლება. ასევე აუცილებლად ცხვება საშობაო თაფლაკვერები.

  შობას შემწვარი ინდაურით ან ბატით ეგებებიან ბრიტანელებიც. დესერტად აუცილებლად მზადდება ტრადიციული ინგლისური პუდინგი.

  მრავალფეროვანი მენიუთი გამორჩევა ესპანეთი - წვავენ ცხვრის ბარკალს, ამზადებენ ზღვის პროდუქტებს, ნუგას და ხაშხაშიან ნამცხვარს.

  შთამბეჭდავია ფრანგული საახალწლო მენიუ - ფუაგრა, ზღვის პროდუქტები, წაბლით ფარშირებული ინდაური და საშობაო რულეტი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ  კერძებისა, რასაც ფრანგულ სუფრაზე შევხვდებით.

ჩინეთში ახალ წელს სრულიად განსხვავებულად ეგებებიან. ჩინელები უამრავ კერძს ამზადებენ, რომელთა შორის აუცლებლადაა ჯიაოძი - ორთქლზე მოხარშული  ერთგვარი ჩინური პელმენი. ზოგიერთ მათგანში ჩინელები მონეტას ათავსებენ  და მისი პოვნა ბედნიერების ნიშნად მიიჩნევა.