Search
Or
აღჭურვილობა დამწყებთათვის

კულინარია ისეთი ჰობია, რომელიც მუდმივ პრაქტიკასა და განვითარებას საჭიროებს. გემრიელი საჭმლის მოსამზადებლად, ხშირად, მხოლოდ გამოცდილება არ კმარა. საჭიროა შესაბამისი ტექნიკა, ინსტრუმენტები, აღჭურვილობა და მათი სწორად გამოყენების ცოდნა. კულინარის პირველი და შეუცვლელი ხელსაწყოა დანა, რომელიც უნდა იყოს სხვადასხვა ზომისა და ფორმის, ოღონდ ხარისხიანი და კარგად ალესილი. დანით კარგად ვერ დავჭრით მოსახერხებელი დაფის გარეშე. სასურველია, ხორცის, თევზისა და ბოსტნეულის დასამუშავებლად ცალ-ცალკე დაფა ვიქონიოთ და გამოყენებისთანავე კარგად გავრეცხოთ. კერძების მოსამზადებლად და შესანახად უნდა გვქონდეს სხვადასხვა დანიშნულების ქვაბები და ტაფები. მაგ. სადილის მოსამზადებლად საუკეთესოა უჟანგავი ფოლადის ქვაბი, ხოლო კერძის შესანახად - მომინანქრებული. კერძის მოსარევად უმჯობესია გამოვიყენოთ ხის კოვზები და ნიჩბები. სამზარეულოში მეტად საჭირო ნივთია დანაყოფებიანი ჭიქა და სასწორი, რომელიც არსებობს როგორც ზამბარიანი, ისე ელექტრო. სხვადასხვა პროდუქტის გასარეცხად, გადასაწურად და დასაწრეტად დაგვჭირდება თუშფალანგი და ჯამები. ბოსტნეულის, ხილის, ყველის, შოკოლადის, მუსკატის კაკლის და ა.შ. გასახეხად უნდა გვქონდეს შესაბამისი სახეხები. ძალზე მოსახერხებელი, საჭირო და მრავალმხრივი დანიშნულების ნივთებია ბლენდერი და ჩოფერი. შეუცვლელი ხელსაწყოა მიქსერი. ცომის დასამუშავებლად საჭიროა სპეციალური დაფა და საბრტყელებელი, ხოლო ფქვილის გასაცრელად - საცერი. ნამცხვრებისა და დესერტებისთვის უჯობესია გვერდებმოსახსნელი საცხობი ფორმა შევიძინოთ, ხოლო მობრაწულებისა და გულსართიანი ღვეზლებისთვის - მეტალის ან მინის საცხობი ფორმა. ძალზე მოსახერხებელია სილიკონის ფორმები მაფინებისა და კექსებისთვის. აუცილებლად შეიძინეთ სპეციალური, სქელი ნაჭრისგან შეკერილი ან სილიკონის  ხელთათმანები, რათა თავიდან აირიდოთ ხელის დამწვრობა და გამძლე, ხარისხიანი წინსაფარი, რომელიც ჩვენს ტანსაცმელს კერძის შხეფებისგან დაიცავს.