Search
Or
მარტივი ხილის ნაყინი

სხვადასხვა ხილისგან უგემრიელესი ნაყინის მომზადება თავად შეგიძლიათ სახლის პირობებში, დამატებითი ინვენტარის გარეშე, მხოლოდ ჩოპერი დაგჭირდებათ და რამდენიმე წუთი.

ჩვენი ხილის ნაყინი ბანანის ბაზაზეა, რომელიც წინასწარ იჭრება და იყინება, სპეციალურ ყინვაგამძლე კონტეინერში ან პარკში. 
შემდეგი ნაბიჯი უკვე გემოების შერჩევაა - მარწყვი, ნებისმიერი კენკრა, ან კენკრის მიქსი, მანგო, ანანსი (მანგოს და ანანასის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ცოცხალი, ასევე კონსერვირებული ხილი).

2 ულუფა ნაყინისთვის ჩოპერის ჯამში ჩაყარეთ 300 გ. გაყინული ბანანი, დაუმატეთ 150-200 გ. ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილი ხილი, დაატრიალეთ ჩოპერი 2-3 წუთი ან სანამ ერთგვაროვან, პრიალა მასას არ მიიღებთ - ზომიერად ტკბილი და ძალიან სასარგებლო ნაყინი მზადაა. თუმცა ტკბილის მოყვარულებს შესაძლოა დამატკბობლის დამატება დასჭირდეთ, ასეთ შემთხვევაში თაფლის ან აგავის სიროპის გამოყენებას გირჩევთ.

ნაყინი შეგიძლიათ შეინახოთ საყინულეში 2-3 დღე, მაგრამ არაფერი სჯობს ახალმომზადებულ ნაყინს, რომლის საოცარი, ნაზი ტექსტურა გაყინვის შემდეგ იკარგება. ასე რომ, მოიმარაგეთ ბლომად გაყინული ბანანი და ყოველთვის, როცა ნაყინი მოგინდებათ, მისი მომზადება მხოლოდ 2 წუთს წაგართმევთ.