ელარჯის ხსნებისას ყველას სამეგრელოს მინდორ ველები წარმოუდგება თვალწინ - ან არა.
რა თქმა უნდა, მეგრელებს არაერთი საამაყო კერძი აქვთ, თუმცა, ელარჯს კონკურენტი მაინც არ ჰყავს.
დეპრესიისა და ყველანაირი მოწყენილობის მკურნალი კერძის სახელი სამოქალაქო ლექსიკონშიც კი ამოიკითხება.
ელარჯს ისე ვერსად ამზადებენ, როგორც სამეგრელოში. მისი მომზადების სირთულე - სიმარტივეშია. ადვილად ჟღერს რეცეპტების წიგნში ამოკითხული სიტყვები " ადუღებულ წყალში გახსენით სიმინდის ფქვილი, ჩაყარეთ ჭყინტი სულგუნი. მოურიეთ ღომის კონსისტენციის მიღებამდე".
მისი პეწი თავად ინგრედიენტებშია - საგანგებოდ შერჩეულ სულგუნსა და სიმინდის ფქვილში. არანაკლებ როლს თამაშობს გამოყენებული ჭურჭელი. ქვაბი აუცილებლად თუჯის უნდა იყოს, მოსაზელი საშუალება კი ხის ფართო კოვზი.
ელარჯის მომზადებას დაახლოებით 40 წუთი სჭირდება. დროის დაკლება ან გადაცილება არასასურველი კონსისტენციის გარანტი იქნება. იყენებენ როგორც მეგრულ, ისე სვანურ სულგუნს. უკანასკნელ შემთხვევაში კი ხშირად მარილსაც ამატებენ.
ელარჯი მეგრული სამზარეულოს ნამდვილი შედევრია, ამიტომ ნებისმიერი ქართველი ვალდებულია ერთხელ მაინც დააგემოვნოს იგი.