“Du Chef დუშეფ” ხათო ბაკურაძის საავტორო საკონდიტრო კაფეა, სადაც ფრანგული ტექნოლოგიით მომზადებული დესერტების გასინჯვაა შესაძლებელი. ტრენდული, ფერადი, უგემრიელესი დესერტების ფართო არჩევანი, ყავის თავბრუდამხვევი სურნელი, სიმყუდროვე და სიმშვიდე შესვლისთანავე მოგაჯადოებთ.
ხათოს კულინარიული განათლება საფრანგეთში აქვს მიღებული და მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში.
კაფეში შეფი თავად გიმასპინძლებთ გუნდის წევრებთან ერთად, რომელთა მუშაობის პროცესს იქვე შეგიძლიათ მიადევნოთ თვალი.
ამავე სივრცეში რეგულარულად ტარდება მასტერკლასები, მსურველები შეისწავლიან ფრანგული თანამედროვე დესერტების მომზადების ტექნოლოგიას და გაფორმებას. მასტერკლასები ერთთვიანია და კვირაში 4 დღე ეთმობა, ყოველი კვირის ბოლოს სტუდენტებისთვის ეწყობა მათივე მომზადებული დესერტების პრეზენტაცია.
“გვინდოდა ქალაქს ჰქონოდა ისეთი კაფე, რომელიც გაიხსნებოდა ადრიანად, ყავის და კრუასანის თავბრუდამხვევი სურნელი არ მისცემდა გამვლელებს გვერდის ავლის საშუალებას. ცენტრალური უბანი და ძალიან მყუდრო ადგილი შევარჩიეთ, ტერასით. ფრანგული საკონდიტრო კაფე იყო ზედგამოჭრილი ამ ლოკაციისთვის და სწორედ რომ პარიზული ელფერი შევძინეთ.
წარმოდგენილია მრავალფეროვანი პრემიუმ კლასის საკონდიტრო ასორტიმენტი მთელი თავისი დიდებულებით: კრუასანებით, ფუნთუშეულებით, ორცხობილებით, ნამცხვრებით. გარდა საკონდიტრო ასორტიმენტისა საუზმის და ლანჩის საინტერესო და ხარისხიან მენიუს ვთავაზობთ სტუმრებს.
ბევრი სიურპრიზი და სიახლე გვექნება, მუდმივად განახლებადი მენიუ, სეზონური შეთავაზებები, საინტერესო მოწვეული სტუმრები, შეფები საფრანგეთიდან.” - ხათო ბაკურაძე