Search
Or
ნიგოზის დამუშავების სხვადასხვა ხერხები

ნიგოზი გამოირჩევა თავისი სასარგებლო თვისებებით და ნოყიერებით. შემწვარი (გამომცხვარი) ნიგოზი ბევრად უფრო ცხიმიანია და გემრიელი. გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, თუ როგორ შეიძლება ნიგოზის დამუშავება, გამოცხობა და შეწვა.

ღუმელში: გააცხელეთ ღუმელი 190 გრადუსამდე. გაამზადეთ გამოსაცხობი სინი, დააფინეთ ძირზე ალუმინი ფოლგა ან პერგამენტი. იმისთვის, რომ ნიგოზი თანაბრად გამოცხვეს, განალაგეთ კაკლის ლებანები თანაბრად, ერთ ფენად. გამოაცხვეთ ნიგოზი იქამდე, სანამ ის არ მიიღებს მოყავისფრო შეფერილობას. აღნიშნულ ტემპერატურაზე ამისთვის დაგჭირდებათ სულ მხოლოდ 5-10 წუთი, განსაკუთრებით თუ ლებანები მცირე ზომისაა. შეამოწმეთ პირველი 5 წუთის შემდეგ, მნიშვნელოვანია, რომ ნიგოზი არ დაგეწვათ, ეგეთ შემთხვევაში მისი გემო მკვეთრად შეიწვება. მოურიეთ ხის კოვზით, ასე ნიგოზი უფრო თანაბრად გამოცხვება. გამოღების შემდეგ აუცილებლად გააგრილეთ და არ მიირთვათ ცხელი.

ტაფაზე: არაღრმა ტაფა გააცხელეთ ნელ ცეცხლზე. არ დაამატოთ ზეთი ან სხვა საშუალება, რადგან ნიგოზს თავისი ცხიმიც საკმარისი აქვს იმისთვის, რომ კარგად შეიწვას. შეწვის დროს მოურიეთ ხის კოვზით იმისთვის, რომ ნიგოზი შეიწვას თანაბრად. საკმარისია 10-15 წუთი. ამ შემთხვევაშიც, გამოყენებამდე აცადეთ ნიგოზს გაგრილება.

მიკროტალღურ ღუმელში: გამოიყენეთ მიკროტალღური ღუმელისთვის სპეციალურად განკუთვნილი ჭურჭელი. ძირზე მოათავსეთ იმდენი ნიგოზი, რომ შეიქმნას ერთი ფენა. იმისთვის რომ ნიგოზი კარგად გამოცხვეს, გამოიყენეთ მცირე ზომის კაკლები და ლებნები. საკმარისია 5 წუთი, თუმცა ბოლო წუთზე აუწიეთ სიმძლავრეს ბოლომდე.
 

ტკბილი ნიგოზი: გააჩერეთ კაკალი ცხელ წყალში 10-15 წუთის განმავლობაში იმისთვის, რომ მარტივად მოშორდეს მწარე გემოს მქონე ნაჭუჭი. უკვე გასუფთავებული ლებნები დაამდუღრეთ წყლით, გააშრეთ და მოაყარეთ შაქრის ფხვნილი. შეწვით შაქრიანი ნიგოზი ზეთიან ტაფაში, გამოიყენეთ იმდენი ზეთი, რომ ნიგოზის ფენა თითქმის ბოლომდე დაიფაროს. პროცესში მოურიეთ. 3-4 წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და მოათავსეთ გამზადებული ნიგოზი ქაღალდზე - ასე მოაცილებთ ზედმეტ ცხიმს. შეგიძლიათ მიირთვათ გაგრილების და გაშრობის შემდეგ.

 

Expret Advices