19 აგვისტოს მართმადიდებლური სამყარო ფერისცვალებას, 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ-ერთს, აღნიშნავს. ქართველ მართმადიდებლებს ფერისცვალებამდე ეკრძალებოდათ ყურძნის ჭამა, სლავებს კი ვაშლის. მათ დღემდე შემორჩათ წინარექრისტიანული აგრონომიული დღესასწაული - „Яблочный спас“, რომლითაც შემოდგომას ეგებებოდნენ. როგორც ქართული, ისევე სლავური ტრადიციის თანახმად, ფერისცვალების შემდეგ ამინდი უფრო გრილი ხდება. მაკედონელებს სჯერათ, რომ ფერისცვალების დღეს ცა იხსნება და ღმერთის დანახვა არის შესაძლებელი. სერბების წარმოდგენის მიხედვით კი ფერისცვალების დღეს „ცა და მიწა გარდაიქმნება“.
დღეს ჩვენი ექსპერტი ქალბატონი ლიკა კარტოზიაა - შპს „საერთაშორისო კორპორაცია აი სი არ“-ის გასტრონომიული მიმართულების პროცესების მართვის მენეჯერი. ლიკა განსაკუთრებულად და გამორჩეულად აწყობს სადღესასწაულო სუფრებს, მათ შორის ერთ-ერთია - ფერისცვალების. იგი გაგვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას და მოგვცემს რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას.
„საქართველოში ფერისცვალების სუფრა წარმოუდგენელია ყურძნისა და ლეღვის გარეშე. სლავურ ქვეყნებში კი უძველესი ტრადიციებიდან გამომდინარე ვაშლს ანიჭებდნენ უპირატესობას. აუცილებელია, რომ სუფრაზე იყოს წარმოდგენილი ხილის მრავალი სახეობა, რაც მეტი, მით უკეთესი. თუ დამუშავებულ ხილს ანიჭებთ უპირატესობას, შეგიძლიათ ამოავლოთ იგი ლიმონიან წყალში - რომ არ გაშავდეს. ფერისცვალების სუფრის მნიშვნელოვანი კომპონენტია მოხარშული სიმინდიც. გარდა ამისა, სასურველია ლამაზად გააფორმოთ სუფრა - მოათავსოთ ხილი საგვარეულო ჭურჭელზე, დადგათ შანდლები და სანთლები. ხილი შეგიძლიათ მიირთვათ ნახევრად ტკბილ და სადესერტო ღვინოსთან ერთად, უხდება როზეც. აქციეთ ფერისცვალების ამგვარი აღნიშვნა ტრადიციად, თქვენი სუფრა კი ხილის დღესასწაულად.“