Search
Or
საზაფხულო ტოლმა

ტრადიციულად, ტოლმას ვაზის ფოთლებით ან კომბოსტოთი აკეთებენ, თუმცა გავრცელებულია მისი სეზონური ვარიანტიც - ბულგარული წიწაკით, პომიდვრით და ბადრიჯანით. 

შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ბრინჯი, სტაფილო, ოხრახუში, რეჰანი და ქინძი. მოხარშეთ ბრინჯი, სავალდებულო არ არის, რომ დიდხანს ხარშოთ, უბრალოდ, წამოადუღეთ. მოთუშეთ ხახვი და სტაფილო, შეურიეთ ბრინჯს. ბულგარულს, პომიდორს და ბადრიჯანს გამოაცალეთ გული,  ამოავსეთ სტაფილოთი და მწვანილებით შეზავებული ბრინჯით. დაამატეთ ცოტაოდენი, ხახვთან ერთად მოთუშული პომიდორი და წყალი. სასურველია, თუ მწვანილს ხარშვის დროსაც ჩაუმატებთ. მარილი გემოვნებით, 20-25 წუთი ხარშვის შემდეგ, უგემრიელესი სადილი - ზაფხულის ტოლმა მზად არის.

მეორე ვერსია ასეთია - წამოდუღებული ბრინჯი და ფარში შეურიერთ ერთმანეთს. სანელებლებად დაუმატეთ წიწაკა, შავი პილპილი, ქონდარი, ისევ და ისევ რეჰანი, ქინძი და ოხრახუში. სასურველია, ეს უკანასკნელი სამი გაატაროთ ხორცთან ერთად.გირჩევთ გამოიყენოთ საქონლის და ღორის ფარშის ნაზავი. დაამატეთ ნიორი, თუ სურვილი გაქვთ, რა თქმა უნდა. მიღებული მასა მოათავსეთ წინასწარ მომზადებულ ბადრიჯანში, საშუალო ზომის პომიდორსა და გასუფთავებულ ბულგარულში. ხორცის შემთხვევაში, ტოლმა ხარშეთ მინიმუმ ნახევარი საათი. ხარშვისას, ბოსტნეულს მოასხით პომიდვრიდან ამოღებული, ხახვთან ერთად მოთუშული შიგთავსი.

უგემრიელესი საზაფხულო ტოლმის მომზადება სულაც არ არის რთული, ამიტომ დროა ისიამოვნოთ სადილით.