Search
ან
ლასი - გამაგრილებელი სასმელი

ლასი იოგურტის ბაზაზე დამზადებული გამაგრილებელი სასმელია, სხვადასხვა არომატით. სასმელი წარმოშობით ჩრდილოეთ ინდოეთიდანაა, თუმცა მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვდებით არა მხოლოდ ოჯახებში, არამედ, რესტორნებში, კაფეებში, ქუჩებში. მთავარი ინგრედიენტი იოგურტია, რომელიც გაზავებულია წყლით და ემატება სხვადასხვა სანელებელი, თხილი თუ ხილი, არსებობს როგორც ტკბილი, ისე მარილიანი. ტრადიციულად მზადდება ხის სადღვებით, თუმცა მისაღებია მეტალის სათქვეფი, ბლენდერი ან სულაც ჩანგალი. ინდოეთში ოჯახების უმეტესობა სახლში ამზადებს იოგურტს და ლასიც სწორედ ასეთი იოგურტისგან კეთდება, ინგრედიენტების და სანელებლების ჩამონათვალი უდიდესია, ყველა გემოვნებაზე მორგებული. სასმელს უმეტესად ატკბობენ შაქრით, თუმცა მისაღებია სხვა დამატკბობლებიც, მაგალითად თაფლი.

გასტრო გიდი გთავაზობთ მაწვნის ბაზაზე დამზადებული ლასის რეცეპტებს მანგოს და პიტნის არომატით, რომელიც, დარწმუნებულები ვართ, ზაფხულის ცხელ დღეებში თქვენი ფავორიტი სასმელი გახდება.

მანგოს ლასი
 

დააბლენდერეთ 1 მწიფე მანგო, მწიკვი ილი, 1 ჭიქა მაწონი და 1 ჭიქა წყალი, დაატკბეთ სურვილისამებრ.

პიტნის ლასი იდეალურად აგრილებს ცხელ დღეებში, გვეხმარება საჭმლის მონელებაში, მძიმე კერძების შემდეგ.

ბლენდერის ჭიქაში მოათავსეთ 2 ჭიქა მაწონი, ½ - 1 ჭიქამდე ცივი წყალი, მწიკვი მარილი, მწიკვი შაქარი და 1 მუჭა პიტნის ფოთლები, დაატრიალეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიირთვით ცივი.