Search
ან
პავლოვა

ალბათ გსმენიათ, ამ ჰაეროვან დესერტს სახელი ცნობილი რუსი ბალერინას, ანნა პავლოვას პატივსაცემად რომ დაერქვა. 1926 წელს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში გასტროლებით მოგზაურობისას, პუბლიკა მოაჯადოვა ჰაეროვანმა და დახვეწილმა ანნამ. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება დესერტის შექმნა და დღემდე გრძელდება კულინარიული ომი ორ სახელმწიფოს შორის - ვის ეკუთვნის დესერტის შექმნის პირველობა და პატივი ერქვას პავლოვას სამშობლო. 
პავლოვას მომზადება ყველა სეზონზე შეგიძლიათ, მაგრამ ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალური ხდება, რადგან უხვად გვაქვს ცოცხალი კენკრა, რომელიც ასე უხდება ამ დესერტს. გარედან ხრაშუნა და ნოტიო გულით - ასეთია იდეალური პავლოვა, მიჰყევით რჩევებს და მოამზადეთ თქვენი იდეალური დესერტი.

პავლოვას მოსამზადებლად დაგჭირდებათ:  

  • 120 გ კვერცხის ცილა (დაახლოებით 4 კვერცხის)
  • 225 გ შაქარი
  • 1 ჩ. კ. ვანილის ექსტრაქტი (სურვილისამებრ)
  • 1 ს. კ. სიმინდის სახამებელი

ვიწყებთ ცილის თქვეფას მიქსერით, როდესაც მასა გათეთრდება და დაიწყებს გამყარებას, ნელ-ნელა ვაყრით შაქარს, დაახლოებით თითო სუფრის კოვზის ოდენობით, თან ვაგრძელებთ თქვეფას განუწყვეტლივ. 
რჩევა: კვერცხის ცილა უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.

ვაცხელებთ ღუმელს 150 გრადუსზე, ელექტრო ღუმელის შემთხვევაში ზედა-ქვედა სიმხურვალე. საცხობ ფირფიტას დავაფენთ ქაღალდს, შეგიძლიათ წინასწარ შემოხაზოთ წრე ან წრეები და ამოატრიალოთ ქაღალდი.

მერინგი უნდა გახდეს მყარი და პრიალა, მხოლოდ ამის შემდეგ დაუმატეთ ვანილის ექსტრაქტი და სახამებელი. როდესაც სახამებელი გაიხსნება, შეწყვიტეთ თქვეფა. მთლიანი მასა გაანაწილეთ საცხობ ფირფიტაზე ან თვალით გაყავით ორ თანაბარ ნაწილად, წინასწარ მოხაზულ წრეზე. შესაძლებელია საკონდიტრო ტომრით კოხტა მერინგების დასმაც, თუმცა, ფოტოზე ნაჩვენები პავლოვა, მეტალის სპატულას დახმარებითაა ფორმირებული. ვაკეთებთ ზოლებს მოძრაობით ქვევიდან ზევით, შეძლებისდაგვარად ვამრგვალებთ ფორმას. ზედაპირზე კოვზით ვუკეთებთ ჩაღრმავებას და შევუშვებთ ღუმელში. 

ვაცხობთ 150 გრადუსზე 30 წუთი, შემდეგ ჩავუწევთ ტემპერატურას 120 გრადუსამდე და ვაგრძელებთ ცხობას 30 - 45 წუთი (გააჩნია ზომას).
გამომცხვარ მერინგს ვტოვებთ დაკეტილ ღუმელში მინიმუმ 1 საათით ან უმჯობესია მთელი ღამით. 
გაითვალისწინეთ: ძალიან მნიშვნელოვანია არ გამოაღოთ ღუმელი ცხობის პროცესში, რომ არ დასკდეს გამომცხვარი მერინგი.

გამომცხვარ პავლოვას გული ჩავარდნილი აქვს, რომელიც კრემით და კენკრით უნდა ამოვავსოთ. ყველაზე მარტივი კრემის ვერსია, რომელიც ძალიან უხდება პავლოვას, არის კრემი შანტი. მის მოსამზადებლად ათქვიფეთ 200 გრამი 35 %-იანი ნაღები და 50 გრამი შაქრის პუდრი საშუალო სისქემდე.
შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ კენკრის კონფი - 300 გ ჟოლო ან სხვა კენკრა მოხარშეთ 30 გ შაქართან და 2 ს.კ. წყალთან ერთად 5 წუთი. მასა დააბლენდერეთ, გაატარეთ საწურში, რომ გამოათავისუფლოთ წიპწებისგან, დააბრუნეთ ქვაბში, მოაყარეთ 1 ჩ.კ. სიმინდის სახამებელი და ხარშეთ შესქელებამდე, 1-2 წუთი. 
პავლოვას ასაწყობად ჩაასხით კონფი და კრემი მონაცვლეობით, დაასრულეთ კენკრით. 

თეგები