“დავამთავრე “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი”, ინფორმატიკის ფაკულტეტი, თუმცა მალევე მივხვდი რომ ტექნიკაზე მეტად ადამიანებთან ურთიერთობა მიტაცებდა.
წლების განმავლობაში ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ სფეროებში ვმუშაობდი. ამავდროულად მუდამ საკუთარი თავის ძიებაში ვიყავი.
სამი წლის წინ, მივიღე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში, რომ აღარ მსურდა რუტინულ სამსახურში მუშაობა. მსურდა საკუთარი საქმე და შემოსავალი. ამ პერიოდში გავიარე “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში” (ჯიპა) ზოგადი მენეჯმენტის კურსი, რამაც აღმაფრთოვანა და მომცა მოტივაცია. იმ პერიოდში ბიზნესის დასაწყებად ინვესტიციები არ გამაჩნდა, ამიტომ მივიწყებული ჰობი გავიხსენე.
ცხობა ბავშვობიდან მიყვარდა, თუმცა პროფესიულ დონეზე არასოდეს შემისწავლია.
აღმოჩნდა, რომ ლამაზი ორცხობილების შესაქმნელად არც თუ ისე დიდი ინვენტარი იყო საჭირო, ძირითადი ინგრედიეტები კი (კარაქი, შაქარი, ფქვილი) თითქმის ყველა ოჯახში მოიპოვება. ორცხობილების რამდენიმე სატესტო ვერსიის შემდეგ სოციალურ ქსელებში შევქმენი ჩემი ბიზნეს გვერდი და პირველმა შეკვეთებმაც არ დააყოვნეს. სწორედ ასე დაიბადა “ გაამოს” რომელსაც დღეს შვილივით ვზრდი და ვუვლი.
ამჟამად აქტიურად ვატარებ მასტერკლასებს და ვასწავლი ორცხობილების მოხატვას ნებისმიერ მსურველს. ვთვლი რომ ორცხობილების მოხატვა ერთგვარი თერაპიაა და მინდა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავუზიარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში დამიგროვდა. პარალელურად ვეუფლები საკონდიტრო ხელოვნებას პროფესიულ კოლეჯ “იკაროსში”.
მომავალში ვაპირებ საკუთარი სტუდია-სახელოსნოს გახსნას, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა მოვიდეს და ორცხობილების მოხატვა შეისწავლოს. ნინო შოშიაშვილი - ონლაინ საკონდიტრო “გაამოს” დამფუძნებელი.