Search
ან
ნიგვზის ნამცხვარი არაჟნის კრემით
30-60 წუთი
საშუალო
500+ კკალ

სამზარეულოში ფუსფუსი და სხვადასხვა დესერტების მომზადება ადრეული ასაკიდან მიზიდავდა. ძალიან მიყვარს ექსპერიმენტების ჩატარება და არ მეშინია, რომ რამე არ გამომივა. ხშირად საუკეთესო დესერტი სწორედ მაშინ გამომსვლია, როცა რაღაცის გამოუსვლელობის გამო რეცეპტი ჩემ ჭკუაზე გადავაკეთე.

პანდემიის პერიოდში აღმოვჩნდი ძალიან პოზიტიურ მოყვარულ კულინართა ჯგუფში home cooking adventure. როდესაც ერთხელ ჩემი ნახელავის ფოტოები დავდე, იმდენად დადებითი და საოცარი უკუკავშირი მივიღე, რომ ვეღარ გავჩერდი. ამის შემდეგ, ჩემი ექსპერიმენტული რეცეპტები რომ არ დამეკარგა და მხოლოდ ჯგუფში რომ არ მქონოდა გავაკეთე ჩემი გვერდი Sweetsbani. 

მყავს მეუღლე და ორი შვილი, ჩემი ყველაზე დიდი შემფასებლები. პროფესიით ვარ ფინანსისტი და დღეის მდგომარეობით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ვხელმძღვანელობ ადმინისტრაციულ და საფინანსო მიმართულებას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული დღე მაქვს როგორც სამსახურში, ასევე სახლში, საღამოს ბავშვების დაძინების შემდეგ მაინც ვახერხებ სხვადასხვა გემრიელობების მომზადებას და დილით ჩემი ოჯახის წევრების გულის გახარებას. 

ჩემთვის კულინარია განტვირთვაა, ხოლო სოციალურ ქსელში დადებულ ფოტოებზე მიღებული შეფასებებით ვიღებ უდიდეს სიამოვნებას. განსაკუთრებულ ბედნიერებას მანიჭებს, როდესაც ჩემი რეცეპტებით მომზადებულ სხვადასხვა დესერტების ფოტოებს მიგზავნიან და ვხვდები, რომ ის რაც მე სიამოვნებას მანიჭებს სხვასაც ადგება და აბედნიერებს. - ანა ჭოლოკავა
 

ინგრედიენტები
1 1 ცალი კვერცხი
1 1 ჭიქა შაქარი
1 1 სუფრის კოვზი თაფლი
1 1 ჭიქა გატარებული ნიგოზი
1 1 ჩაის კოვზი სოდა და ძმარი
1,5 1,5 ჭიქა ფქვილი
150 150 გრ. კარაქი
1/2 1/2 ჭიქა შაქრის პუდრი
350 350 გრ. არაჟანი (30%იანი)
1 1 ჭიქა გატარებული ნიგოზი
საფეხური 1
ბისკვიტი: 1 კვერცხისა და 1 ჩ/ჭ შაქრისგან ავთქვიფოთ გოგლიმოგლი. დავუმატოთ 1 ს/კ თაფლი, 1 ჩ/ჭ გატარებული ნიგოზი, 1 ჩ/კ სოდა ძმრით და 1.5 ჩ/ჭ ფქვილი.
საფეხური 2
კარგად გადავზილოთ და მიღებული გუნდა გავყოთ სამ ნაწილად.
საფეხური 3
პერგამენტის მრგვლად ამოჭრილ ქაღალდზე წავუსვათ კარაქი, გავაბრტყელოთ ცომი და გამოვაცხოთ ტაფაზე.
საფეხური 4
გამომცხვარი ფენა რომ გაგრილდება ჭიქით ამოვჭრათ მრგვალი ფორმები. დარჩენილი ბისკვიტები დავაქუცმაცოთ.
საფეხური 5
კრემი: 1 ჩ/ჭ გატარებული ნიგოზი, ნახევარი ჩ/ჭ შაქრის პუდრი, 150 გრ დარბილებული კარაქი და 350 გრ არაჟანი ავთქვიფოთ მიქსერით და კრემი მზად არის.
საფეხური 6
აწყობა: ბისკვიტის ნატეხები, კრემი, ამოჭრილი ბისკვიტი, კრემი ბისკვიტის გარშემო.
საფეხური 7
ვაფორმებთ დარიჩინის ჩხირით და ანისის ვარსკვლავით, რომელიც საოცარ არომატსაც მატებს.

სერვირება

გემრიელად მიირთვით!